საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს, დევიდ კატლერს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობას, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და შედეგად, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების მდგომარეობას. ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ძალისხმევის მნიშვნელობას ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის.
„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება და მნიშვნელოვანია პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება, რაც ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
შეხვედრას ნატო-ს სადაზვერვო-ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი კაუპო როსინი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრ ვინიკოვი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დაესწრნენ.