აქტუალური
ადმირალი რობ ბაუერი: ნატო ამაყობს, რომ საქართველოში ხვდებიან, როგორც მეგობარს

 საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. წლევანდელი ნატო-საქართველოს სწავლება გლობალური უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებს დაემთხვა. ამჟამად არსებულმა სიტუაციამ ყველას ნათლად დაგვანახა, რომ ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ყველანაირი მოულოდნელობისთვის, – ამის შესახებ ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა განაცხადა.

რობ ბაუერის თქმით, ნატო-საქართველოს სწავლება ანსახიერებს მხარეებს შორის არსებულ პარტნიორობას, რომელიც ძლიერ თანამშრომლობას ეფუძნება.

ეს წარმოადგენს ყველა შეიარაღებული ძალების საიდუმლო წესს – ყოველთვის მზად იყავი განსხვავებული სცენარისთვის, მუდმივად ემზადე და ისწავლე, არ დაკმაყოფილდე მიღწეულით. წარმატება ეფუძნება მუდმივ და თანმიმდევრულ წვრთნას. სწორედ ამიტომ ბრძანდებით თითოეული თქვენგანი აქ, რათა უკეთესად აკეთოთ ყველაფერი და გახდეთ უკეთესნი. ნატო-საქართველოს ეს სწავლება ანსახიერებს ჩვენს შორის არსებულ პარტნიორობას, რომელიც ძლიერ თანამშრომლობას ეფუძნება. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ნატო-მოკავშირეები და პარტნიორები საერთო მიზნების მისაღწევად ერთმანეთის მხარდამხარ კომპიუტერული სიმულაციებით მუშაობენ. მონაწილეები ნატო-ოპერაციებისა და წვრთნების დაგეგმვაში, მისი დაწყებიდან საბოლოო აღსრულებამდე შესაბამის უნარ-ჩვევებს ხვეწენ, ინდივიდუალურ დონეზე იუმჯობესებენ სამხედრო ტექნიკასა და პროცედურებს. ერთმანეთთან თანამშრომლობითა და კავშირით, გამოცდილებისა და წვრთნების გაზიარებით იზრდება ქართველი სამხედროებისა და ნატო-ძალების თავდაცვითი მზადყოფნის დონე, კიდევ უფრო იზრდება მონაწილე ქვეყნების სამხედროებს შორის ურთიერთთავსებადობა, ასევე ძლიერდება საქართველოს მართვისა და კონტროლის შესაძლებლობები“, – განაცხადა ბაუერმა.

ადმირალ ბაუერის განცხადებით, გამართულად ფუნქციონირებადი, კარგად გაწვრთნილი ეროვნული თავდაცვის ძალები ეფექტიანი გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურებით მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისთვის.

ნატო-სა და საქართველოს შორის არსებული პრაქტიკული პარტნიორობა, რომელიც 28 წლის წინ დაიწყო, წარმატებული და ძლიერია. გასული წლის ოქტომბერში ნატო-სამხედრო კომიტეტის თბილისში ვიზიტის დროს მე ვნახე „ქართლის დედის“ ქანდაკება, რომელიც წარმოადგენს საქართველოს დედის სიმბოლოს ერთ ხელში თასით, რომლითაც ესალმება ყველას, ვინც ჩამოდის ქვეყანაში როგორც მეგობარი, მეორე ხელში კი, ხმლით მათთვის, ვინც ქვეყანაში შემოდის, როგორც მტერი. ნატო ამაყობს, რომ მას საქართველოში ხვდებიან, როგორც მეგობარს. ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავაძლიეროთ ის „ხმალი, რომელსაც საქართველო ატარებს“, – განაცხადა ადმირალმა.