აქტუალური
FT: ივანიშვილმა Credit Suisse-თან დავა მოიგო

 საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. Financial Times-ის ცნობით, ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკს Credit Suisse-ს დავა მოუგო. გამოცემა წერს, რომ ბერმუდას სასამართლო ოფიციალურ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, შემდეგ კვირას გამოაქვეყნებს.

მედიის განცხადებით, მას შემდეგ, რაც სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, ბანკს, შესაძლოა, 500 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისროს.

ასეთ თავხედობას საქართველოსა და რუსეთის ველურ კაპიტალიზმშიც არ შევჯახებივარ — ივანიშვილი Credit Suisse-ზე

ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩივის, რადგან მისი თქმით, ბანკმა ვერ შეძლო მათი ბანკირის, პატრის ლესკადრონის თაღლითობის შეჩერება, რამაც ივანიშვილს 400 მილიონ დოლარზე მეტი დააკარგვინა.

ივანიშვილი ერთ-ერთია იმ, სულ მცირე, 5 ადამიანს შორის, რომლებიც ბანკის წინააღმდეგ დავას აგრძელებენ, მიუხედავად იმისა, რომ ლესკადრონის ბრალი 2018 წელს დაუმტკიცდა. ისინი არ აღიარებენ, რომ ბანკმა ლესკადრონის თაღლითობის შესახებ არაფერი იცოდა.

პატრის ლესკადრონის საქმე 2015 წელს გახმაურდა, როცა ბანკირმა აღიარა, რომ აყალბებდა ხელმოწერებსა და სავაჭრო ტრანზაქციებს. როგორც Credit Suisse ამტკიცებს, ბანკირი, რომელმაც 2020 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მარტო მოქმედებდა.