აქტუალური
დასაქმება და უმუშევრობა 2010 წელს

dasakmeba2საქსტატმა დასაქმებისა და უმუშევრობის 2010 წლის წლიური მონაცემები გამოაქვეყნა.

საქართველოში უმუშევრობის დონის მაჩვენებელი 2010 წელს 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებაში 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და16.3 პროცენტი შეადგინა.

2008 წლის აგვისტოს ომისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგად 2008-2009 წლებში უმუშევრობის დონე საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2010 წელს უმუშევრობის დონის შემცირება ეკონომიკის სტაბილიზაციის ერთ-ერთი მანიშნებელია.

უმუშევრობის დონის შემცირებასთან ერთად აღინიშნა მოსახლეობის აქტიურობისა და დასაქმების დონეების ზრდა. 2010 წელს 2009 წელთან მიმართებაში აქტიურობისა და დასაქმების დონეები, შესაბამისად, 0.6 და 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებლების ზრდა, ძირითადად, განპირობებული იყო ქალაქის ტიპის დასახლებებში შესაბამისი მაჩვენებლების ზრდით.

ტრადიციულად, დასაქმებულებში ჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი, თუმცა 2010 წელს 2009 წელთან მიმართებაში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის ზრდამ და თვითდასაქმებულთა რაოდენობის შემცირებამ აღნიშნული თანაფარდობა 2 პროცენტული პუნქტით შეცვალა.

გამომდინარე იქიდან, რომ სოფლის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეწევა შრომით საქმიანობას საკუთარ მამულში/მეურნეობაში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის მიხედვით სამუშაო ძალის არსებითი ნაწილი თითქმის უცვლელად არის დასაქმებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სოფლის მოსახლეობაში, ვიდრე ქალაქის მოსახლეობაში. ამასთან, ქვეყანაში უმუშევრობის დონის კლება, ძირითადად, განპირობებულია ქალაქის

ტიპის დასახლებებში შესაბამისი მაჩვენებლის კლებით (1.6 პროცენტული პუნქტით), ვინაიდან სოფლის ტიპის დასახლებებში უმუშევრობის დონე პრაქტიკულად არ შეცვლილა.

იმის მიუხედავად, რომ ქალაქ თბილისში უმუშევრობის დონე გაიზარდა 0.5 პროცენტული პუნქტით, საქართველოს დანარჩენი რეგიონების თითქმის ყველა ქალაქის ტიპის დასახლებაში უმუშევრობის დონის მნიშვნელოვანმა შემცირებამ გამოიწვია ქალაქის ტიპის დასახლებებში შესაბამისი მაჩვენებლის კლება.

რაც შეეხება უმუშევრობის დონის მაჩვენებელს რეგიონულ ჭრილში, აღსანიშნავია მისი კლება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 4.2 პროცენტული პუნქტით და შიდა ქართლის რეგიონში 3.9 პროცენტული პუნქტით.

დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების სქესობრივ ჭრილში განხილვისას აღსანიშნავია, რომ 2010 წელს 2009 წელთან მიმართებაში უმუშევრობის დონის შემცირება მეტად გამოიკვეთა ქალებში, ვიდრე კაცებში. კერძოდ, უმუშევრობის დონე ქალებში 1 პროცენტული პუნქტით შემცირდა, მაშინ, როდესაც კაცებში აღნიშნული მაჩვენებლის კლება 0.2 პროცენტული პუნქტის დონეზე დაფიქსირდა. ასევე, უნდა

აღინიშნოს, რომ, ტრადიციულად, ქალებში უმუშევრობის დონე ნაკლებია, ვიდრე

კაცებში. ამის ძირითადი მიზეზია ის, რომ ქალები, რომლებიც არ არიან

დასაქმებული, ძირითადად, წარმოადგენენ დიასახლისებს და, შესაბამისად,

არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნებიან.

ამგვარად, კაცებთან შედარებით, ქალებში დაბალია როგორც დასაქმების დონე, ისე აქტიურობის დონე.