აქტუალური
ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ საქართველოს თავდაცვის უწყებაში შეხვედრები გამართა

 საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, დევიდ კატლერმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში შეხვედრები გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოში ვიზიტით დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროში ნატო-გენერალური მდივნის თანაშემწე იმყოფება. დღეს დევიდ კატლერს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. მინისტრმა ნატო-წარმომადგენელს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში ინტეგრაციის მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, არსებული საფრთხეები და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების ვითარება განიხილეს. მხარეებმა რუსეთის აგრესია კიდევ ერთხელ დაგმეს და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ პრაქტიკულ მექანიზმებს, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას. ამ კუთხით, განსაკუთრებით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის, როგორც ნატოსთან თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატის მნიშვნელობა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჰიბრიდული გამოწვევებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებები“, – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

24 მარტს დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე უწყებათშორისი ჯგუფის წევრებს შეხვდება.