სამართალი
შალვა პაპუაშვილი: ნეიტრალიტეტზე სასამართლოში სააკაშვილმა თქვა პირველმა და შემდეგ გაიშალა საკითხი, რომელიც საერთოდ არ დგას

 საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. ნეიტრალიტეტზე სასამართლოში სააკაშვილმა პირველმა თქვა და შემდეგ გაიშალა საკითხი, რომელიც საერთოდ არ დგას, ჰიბრიდულ ომში ჩვენი კოლეგების ნაწილიცაა ჩართული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ.

„ჩვენ არ გვაქვს ცხელი ომი, მაგრამ ვხედავთ, რომ არის პირდაპირი ჰიბრიდული ომი სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, რაც გამოიხატება დეზინფორმაციის გავრცელებაში. ინფორმაციული ომია დეზინფორმაციის გავრცელების კუთხით, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებისა და მოსახლეობაში დაბნეულობის გამოწვევისთვის. ყველამ ვიცით, რომ დეზინფორმაციული კამპანიისა და ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ის არის, რომ შემცირდეს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და მოსახლეობაში გამყარდეს დაბნეულობა. რას ვხედავთ ჩვენ ბოლო პერიოდში – ვნახეთ მთელი კამპანია, რომელშიც პარლამენტის წევრებიც იყვნენ ჩართული, ოპოზიციის მხრიდან, ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან; მაგალითად, როდესაც საუბარი იყო რუსული სკოლებისა თუ სექტორის შესახებ, თითქოს პარლამენტმა რაღაც პროექტი განიხილა. პირდაპირ პარლამენტის წევრები ავრცელებდნენ ამ ტყუილს. მეორე ვნახეთ გუშინ თუ გუშინწინ, მოქალაქეობის შესახებ კანონში რაღაცა ცვლილება შედისო. პირდაპირ მიმართული დეზინფორმაციაა ესეც, ტყუილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ დეზინფორმაციაზე საუბრისას გაიხსენა პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობები.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ნეიტრალიტეტის საკითხზე, რომელზეც ოპოზიციონერი დეპუტატები საუბრობენ.

„ძალიან კარგად ვიცით, საიდან დაიწყო 17 მარტს ეს თემა, სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა პირველმა თქვა ეს საკითხი, იმის შემდეგ წამოვიდა, ისე გაიშალა შემდეგ პოლიტიკოსების თუ გარკვეული ე.წ. სპიკერების მხრიდან და სოცმედიაში, თითქოს ეს არის რაღაც განხილვის საკითხი. ვხედავთ, რამხელა ემოციებზე გადის, მათ შორის მედიაში, ეს საკითხი. არადა, საკითხი საერთოდ არ დგას. როდესაც თქვენ საუბრობთ ერთობლივ ინიციატივებზე და ა.შ. სწორედ ეს არის პრობლემა, რომ სამწუხაროდ, მათ შორის ჩვენი კოლეგების ნაწილიც ჩართული არის ჰიბრიდულ ომში იმ კუთხით, რომ დეზინფორმაციას პირდაპირ თავად ავრცელებენ სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ.

სამწუხაროდ, ერთობის მომენტი არ არის და ვერ გამოდის; ამიტომ კონსოლიდაცია უფრო სწორი ტერმინი იქნებოდა, სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერა იმისთვის, რომ სწორედ მშვიდობა შენარჩუნდეს, სწორედ ევროინტეგრაციის გზაზე მყარად ვიყოთ და მას მივაღწიოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.