პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე: „ჩემი ქმარი კიდეც რომ მოკლან, მაინც ვერ შემაჩერებენ“

badri_bitsadze2„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „გაუგებარია, რატომ არის ხელისუფლება ბიწაძისადმი ასეთი „გულმოწყალე“ და რატომ „ჩამოაქვეითა“ ბრალდება სახელმწიფო გადატრიალებიდან პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლამდე“.

„მაშინ, როდესაც ამდენ ადამიანს თავპირი დაულეწეს და გირაოს გადახდა არ შეუთავაზებიათ, რატომ უნდა ისარგებლოს ბიწაძემ განსაკუთრებული გამონაკლისით?! ეს ხელისუფლების კეთილშობილება არ არის და რით ვერ გაიგო მიხეილ სააკაშვილმა, რომ მე ასეთ რაღაცებს არ ვაკეთებ?! ამ ვითარებაში, როდესაც ამდენი ადამიანია უკანონოდ დაპატიმრებული და ისინი ციხიდან ვერ გამოგვყავს, გირაოს ჩემი ქმრისთვისაც არ გადავიხდი. არ ვიცი, ახლა ის სად არის, თუმცა ერთი რამ მინდა, ვთქვა, რომ მას იარაღი არ აქვს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ მე და ჩემს ქმარს აბსურდულ აღიარებით ჩვენებას ვერ მიგვაცემინებენ. შესაბამისად, არის საშიშროება, ჩატარდეს თითქოსდა ბიწაძის აყვანის ოპერაცია, შემდეგ კი თქვან, რომ მან სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც მისი ლიკვიდაცია განხორციელდა, – განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, „ბადრი ბიწაძე კიდეც რომ მოკლან, ნინო ბურჯანაძეს მაინც ვერ შეაჩერებენ“.

მისივე ინფორმაციით, „ხელისუფლება ბურჯანაძის შეჩერების რამდენიმე გეგმას განიხილავდა, მათ შორის, მისი ვაჟის მკვლელობის ვერსიას“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბადრი ბიწაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენა. ბრალდების ფორმულირება ასეთია: წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმების ორგანიზება, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურა იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე ბადრი ბიწაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით, გირაოს გამოყენების თაობაზე. ბადრი ბიწაძე დაკავებული არ არის.