საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. მმართველი გუნდი თავის პოზიციაში უნდა ჩამოყალიბდეს, რა საკითხზე მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. დაველოდოთ, საკონსტიტუციო სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი თავად იტყვის, რას ფიქრობს ამ სარჩელზე.
ამასთან, როგორც გიორგი მსხილაძე ამბობს, კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფოს წარმოადგენს საგარეო ურთიერთობაში, არის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი და სახელმწიფოს მეთაური.
„პრეზიდენტი თავად იტყვის, რას ფიქრობს ამ სარჩელზე, მაგრამ ისე მოხდა, რომ ამ ვიზიტის შემდეგ საკითხი დაისვა პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესახებ და რომ ჩვენ კონსტიტუციას სწორად ვერ ვკითხულობთ. კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფოს წარმოადგენს საგარეო ურთიერთობაში, არის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი და სახელმწიფოს მეთაური“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა საბჭომ 15 მარტს გაავრცელა განცხადება, რომ მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო სისტემის თამაშის წესებს კონსტიტუცია განსაზღვრავს, ხოლო პრეზიდენტს მისი გადაწერის შესაძლებლობას ვერავინ მისცემს.