აქტუალური
შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილის შემოპარვის ორგანიზატორი გია ლორთქიფანიძე უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე თუ მართლა დაინიშნა, დასანანი ფაქტია

 საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. თუ მართალია, რომ სააკაშვილის შემოპარვის ორგანიზატორი გია ლორთქიფანიძე უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა, ეს დასანანი ფაქტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, გია ლორთქიფანიძე მძიმე დანაშაულშია ბრალდებული და როდესაც ის ინიშნება მაღალ თანამდებობაზე, თან კონტრდაზვერვაში ეს არ არის სასიამოვნო.

გასაკვირია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ინფორმაციას აჟღერებს. მათ საიდან იციან, ვინ სად ინიშნება უკრაინაში და მით უმეტეს, კონტრდაზვერვაში ვინ ინიშნება მოადგილედ? ეს ინფორმაცია რატომ აქვთ? თუ ეს მართალია, რა თქმა უნდა, დასანანია, რადგან ვიცით, რომ გია ლორთქიფანიძე ბრალდებულია და მათ შორის, იმ ადამიანების ჩვენებები არსებობს, რომლებიც ჩართულები იყვნენ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოპარვაში. თუ არ ვცდები, არსებობდა სატელეფონო საუბრების ჩანაწერები. გია ლორთქიფანიძე გახლდათ ორგანიზატორი საქართველოში სააკაშვილის შემოპარვით ქვეყნის არევის. როცა ადამიანი ასეთ მძიმე დანაშაულშია ბრალდებული და ის ინიშნება მაღალ თანამდებობაზე, თან კონტრდაზვერვაში, რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიამოვნო.

ამას გარდა, ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს ვხედავთ, რომელიც უკრაინაში გენერალური პროკურორის მრჩეველია, რაც არ არის სასიამოვნო. ჩვენ არ ვაპირებთ, ამ თვალსაზრისით რამენაირად კრიტიკული ვიყოთ. გვესმის, რომ უკრაინაში არის არათუ რთული მდგომარეობა, არამედ ტრაგიკული და სოლიდარული ვართ უკრაინელი ხალხის. ახლა არ არის ამ საკითხზე საუბრისა და განხილვის მომენტი, თუმცა თავისთავად, დასანანი ფაქტია, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოპარვის ორგანიზატორი, ასეთ მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა, თუ ეს მართალია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.