საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, საქართველო არასდროს განიხილავდა და არ განიხილავს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, გზის მშენებლობის საკითხი არასდროს მდგარა ქართული მხარის დღის წესრიგში.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის უშიშროების საბჭოზე განხილულ საქართველო-ჩეჩნეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხზე და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადოთ, რომ საქართველო არასდროს განიხილავდა და არც განიხილავს საქართველოს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი რაიმე გზის მშენებლობას. გზის მშენებლობის საკითხი არასდროს მდგარა ქართული მხარის დღის წესრიგში, შესაბამისად, მასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია არის მცდარი.
საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, ვთხოვთ ქართულ მედიასაშუალებებს, ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, მიაწოდონ მოსახლეობას ქართულ მხარესთან გადამოწმებული პოზიციაც“, – ნათქვამია განცხადებაში.