სამართალი
ვახტანგ გომელაური: რუსეთის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთა 50 პროცენტით არის შემცირებული

 საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტან გომელაური გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციებს.

მისივე თქმით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით, დღეს რუსეთის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთა 50 პროცენტით არის შემცირებული.

„საზღვარზე საუბრისას, მინდა, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. საყოველთაოდ ცნობილია, რომ 2020-2021 წლებში პანდემიის გამო საზღვარი ძირითადად ჩაკეტილი იყო. შევადარებ 2019 წლის და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდებს და მოგახსენებთ, დღეს ეს ციფრი, მაშინდელთან შედარებით, 50 პროცენტით ნაკლებია. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტების მატება ფიქსირდება მესამე ქვეყნებიდან, რაც სხვადასხვა ქვეყნის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვამ განაპირობა. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, ძირითადად ეთნიკურად ჩრდილოეთ კავკასიელები, თურქეთის რესპუბლიკიდან სარფის გამტარი პუნქტის გავლით შემოდიან საქართველოში და ტრანზიტულად ბრუნდებიან რუსეთში, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „დარიალის“ გავლით“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.