პოლიტიკა
მათეუშ მორავიეცკი: პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია

 საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. საქართველოს ადგილი ევროკავშირშია და პოლონეთი ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარს უჭერს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ ბათუმში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პოლონეთი აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროინტეგრაციის გზაზე.

პოლონეთი დღემდე მხარს უჭერს და გააგრძელებს მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს ის გზა, რომელიც თვითონ სურს. ამიტომ, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში. მინდა, ბატონო პრემიერო დიდი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი გულახდილი საუბრისათვის, ეკონომიკური თანამშრომლობისათვის, რომელიც ვითარდება. ვიცით, რომ შეიძლება უკეთესი იყოს, უკეთესად და სწრაფი ტემპით განვითარდეს, რომ არა ეს რთული პოლიტიკური სიტუაცია, რომელიც არსებობს ახლა. პოლონეთი, უკრაინა, საქართველო რთულ მდგომარეობაში არიან. ჩვენ ყველას გვსურს, ვიცხოვროთ მშვიდობიან პირობებში, მშვიდობიან ქვეყნებში. სამწუხაროდ, კრემლში ჯერ ეს არ ესმით. ჩვენ ვაფასებთ და პატივს ვცემთ საქართველოს არჩევანს და გვსურს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ამ გზაზე. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირშიც იქნება ეს ხმა გაგებული, რომ ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების განვითარებას. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ ამ თანამშრომლობას გავაგრძელებთ ჩვენს მეგობარ უკრაინასთანაც. ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ყველას გვახსოვს საქართველოს და პოლონეთის ერთობლივი ისტორია, რომელიც გვაკავშირებს ორ ქვეყანას. ჩვენ გვახსოვს ეს ყველაფერი და გვსურს, გავაძლიეროთ ეს თანამშრომლობა“, – განაცხადა მარავიეცკიმ.