საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. ჩვენი პოზიცია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით არის უცვლელი, ვიმეორებთ, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველ პარტიას ამ პოზიციას ვერავითარი პროვოკაციების, ფარული კამპანიების თუ უცხოელი ლობისტების მეშვეობით ვერავინ შეაცვლევინებს.
კობახიძემ პროვოკაციებში „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა და როგორც აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ „ომის პარტია“ სანქციების დაწესებისა და საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვის სურვილის შესახებ საუბარს ღიად ვერ ბედავს, „მათი ყველა პროვოკაცია სწორედ ამისკენაა მიმართული“. მეტიც, კობახიძის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღეა, სანქციების მიმართულებით „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციულ კამპანიაში მათი უცხოელი ლობისტებიც აქტიურად ჩაერთვნენ. ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა და კიდევ ერთხელ მოუწოდა, „თუ სანქციების დაწესებას ემხრობიან, ფარული აგიტაციის, პროვოკაციების მოწყობისა და უცხოელი ლობისტების დაქირავების ნაცვლად, ამაზე ღიად ისაუბრონ“.
„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სოლიდარობას რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელი ხალხის მიმართ. გვინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია, „ომის პარტია“ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, ღიად ვერ ბედავს საუბარს სანქციების დაწესებისა და საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვის სურვილის შესახებ. თუმცა, ყველა მათი პროვოკაცია სწორედ ამისკენ არის მიმართული. მათი აშკარა მიზანია, ხელისუფლებამ მიიღოს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხისთვის უკიდურესად საზიანო გადაწყვეტილებები, დააწესოს ეკონომიკური სანქციები და ქვეყანა ჩართოს ომში, რაც საქართველოსთვის და ქვეყნის მოსახლეობისთვის უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სანქციების მიმართულებით „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციულ კამპანიაში მათი უცხოელი ლობისტებიც აქტიურად ჩაერთვნენ. ამ დღეების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილმა ტელევიზიებმა გააშუქეს ასეთი ლობისტების რამდენიმე განცხადება, რომლებითაც ისინი საქართველოს ხელისუფლებას სანქციებზე მიერთებისკენ მოუწოდებდნენ. ამასთან დაკავშირებით, გვინდა შეგახსენოთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ომის შედეგად, რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია, დაიღუპა ასეულობით სამხედრო და სამოქალაქო პირი, დევნილად იქცა ჩვენი ქვეყნის 30 ათასი მოქალაქე, რუსეთმა დაბომბა ქართული ქალაქები, სრულად გაანადგურა ასეულობით ქართული სოფელი, ქართული ეკლესიები და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლები”, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია არც საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას.
„მეტიც, საქართველოს ხელისუფლებამ, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, 2010 წელს ნაწილობრივ, ხოლო 2012 წელს სრულად შემოიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. 2012 წლის შემდეგ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რუსეთთან გაფართოვდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. წინა თუ მოქმედი ხელისუფლების არცერთ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არავის, ვიმეორებთ - არავის არავითარი კრიტიკული შენიშვნა არ გამოუთქვამს.
ყველასთვის ცხადი იყო, რომ ხელისუფლების ნაბიჯები მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის, მათ შორის რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ასი ათასობით ჩვენი მოქალაქის ინტერესების დაცვას ემსახურებოდა. უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ განსაკუთრებულია. თუმცა, გაუგებარია, როგორ შეიძლება მოგვთხოვონ სანქციების დაწესება უკრაინაში მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესიის გამო, როდესაც ეს საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის ოკუპაციის შემდეგაც კი არ გაუკეთებია.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „ომის პარტიას“ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, თუ სანქციების დაწესებას ემხრობიან, კეთილი ინებონ და ფარული აგიტაციის, პროვოკაციების მოწყობისა და უცხოელი ლობისტების დაქირავების ნაცვლად, ღიად ისაუბრონ ამაზე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეკონომიკური სანქციების დაწესებით, საქართველოს ხელისუფლება ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს რუსეთს, საკუთარ ქვეყანასა და მოსახლეობას კი უმძიმესი დარტყმის ქვეშ დააყენებს.
აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენი პოზიცია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით არის უცვლელი და ამ პოზიციას ვერავითარი პროვოკაციების, ფარული კამპანიების თუ უცხოელი ლობისტების მეშვეობით ვერავინ შეგვაცვლევინებს. ვიმეორებთ, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. უკრაინის პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლება უკომპრომისოდ და პრინციპულად დგას და იდგება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე”, - განაცხადა კობახიძემ.