სამართალი
IDFI-ის შეფასებით, პრეზიდენტს ევროპაში ვიზიტებით კონსტიტუცია არ დაურღვევია

 საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) 15 მარტს განაცხადა, რომ მმართველი გუნდის მიერ გაჟღერებული ბრალდებები, თითქოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპაში ბოლოდროინდელი ვიზიტებით კონსტიტუცია დაარღვია, „მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს“.

საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტის კომპეტენცია შეზღუდულია და ძირითადად მთავრობასთან შეთანხმებით ხორციელდება“, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციამ, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ „ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი მოქმედება/უმოქმედობა, რომელიც გავლენას ახდენს საგარეო პოლიტიკაზე საჭიროებს მთავრობის თანხმობას“.

ორგანიზაციის განცხადებით, მმართველი გუნდი განცხადებისას, სავარაუდოდ, კონსტიტუციის 52-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტს დაეყრდნო, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში.

IDFI-ის შეფასებით, ეს ნორმა ვერ განიმარტება იმგვარად, რომ საქართველოს პრეზიდენტს დასჭირდეს საქართველოს მთავრობის თანხმობა საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ, დისტანციურად ან ფიზიკურად, ფორმალურ ან არაფორმალურ გარემოში შეხვდეს უცხოელ კოლეგებს და დააფიქსიროს საკუთარი შეხედულება საქართველოში ან მის გარეთ მიმდინარე საგარეო პროცესებთან დაკავშირებით“.

ორგანიზაციის განცხადებით, ის, რომ მაგალითად, პრეზიდენტი მთავრობის თანხმობის გარეშე ვერ დადებს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას, როგორც სახელმწიფო მეთაურს ეკრძალება ვინმესთან შეხვედრა და საკუთარი პოზიციების გამოხატვა.

უფრო კონკრეტულად, საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით პრეზიდენტის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ვერ იქნება დამოკიდებული საქართველოს მთავრობის ნებაზე. მეტიც, ამგვარი შეზღუდვის კანონით დადგენა წინააღმდეგობაში მოვა, ყველაზე მცირე, საქართველოს კონსტიტუციის 49-მუხლთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჩატარებული შეხვედრები არ იყო ფორმალური, ამ შეხვედრებს საქართველოსთვის არ წარმოუშვია რაიმე სახის ახალი ვალდებულება“, – ხაზგასმულია იქვე.

IDFI კონსტიტუციის 78-ე მუხლზეც მიუთითებს, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს ავალებს „თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.

ამასთან, ორგანიზაცია მიუთითებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში პრეზიდენტის გაზრდილი როლი გამოწვეულია არა პრეზიდენტის მიერ საკუთარი კონსტიტუციური მანდატის დარღვევით, არამედ პარლამენტისა და მთავრობის პასიური მოქმედებებითა და პრობლემური შეფასებებით“.

ორგანიზაციის განმარტებით, მან ქართული ოცნების განცხადებასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტმა მთავრობას რამდენჯერმე უარი უთხრა ელჩების დანიშვნაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან საჯარო ინფორმაციაც გამოითხოვა.