საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოს თემა ნატო-ში ასეთი აქტუალური აქამდე არ ყოფილა.
„ყველა გამომსვლელმა ცალსახად აღნიშნა უკრაინასთან ერთად საქართველოს გამოწვევები, ის მიზნები და იმ მიზნებში დახმარების აღმოჩენა, რაც აქვს საქართველოს, რაც არის ჩვენი ხალხის არჩევანი“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
მისივე თქმით, ყველაზე აქტუალური იყო მიმდინარე ომის თემა.
„ესკალაციამ შეიძლება მიგვიყვანოს კატასტროფამდე, ამას იაზრებს მთელი ცივილური სამყარო. სანქციებით და სხვა მექანიზმებით საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მიზანი, რა თქმა უნდა, მიღწეული იქნება“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
გარდა ამისა, ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია კითხვებს არ ბადებს არც ერთ პარტნიორ ქვეყანაში.
„ჩვენს ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს და ჩვენს გუნდს ახლა აქვს სწორი პოლიტიკა და ჩვენი პოზიცია კითხვებს არ ბადებს, არ აჩენს არც ერთ ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან. ჩვენ მივაღწევთ იმ მიზანს, რაც გვაქვს საბოლოოდ – ცივილური სამყაროს ნაწილად ქცევა“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ, რომელიც ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობს.