საზოგადოება
ეროვნული ბანკი: თებერვალში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 13.7 პროცენტით გაიზარდა

 საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 183.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 551.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 13.7 პროცენტით, ანუ 22.0 მლნ აშშ დოლარით მეტია 2021 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.1 პროცენტი იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა თებერვალში თითოეულზე ერთ მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 94.6 პროცენტი მოდიოდა.

გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა იტალიიდან გადმოირიცხა – 32.96 მლნ აშშ დოლარი. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 21.94 მლნ აშშ დოლარით. მესამე ადგილს იკავებს აშშ 21.10 მლნ აშშ დოლარით, მეოთხეზეა საბერძნეთი – 15.47 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მეხუთეზე ისრაელი – 14.10 მლნ აშშ დოლარით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, ეროვნული ბანკის ცნობით, 2022 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 26.7 მლნ აშშ დოლარი, ანუ 80.4 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2021 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 27.5 პროცენტით მეტია.