აქტუალური
ირაკლი ღარიბაშვილი: პრეზიდენტი, როგორც ჩანს, შეცდომაშია შეყვანილი, ვვარაუდობ, რომ გაუგებრობაში აღმოჩნდა

 საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ჩანს, შეცდომაშია შეყვანილი, ვარაუდი მინდა გამოვთქვა, რომ იგი გაუგებრობაში აღმოჩნდა, მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ძალიან მალე ალბათ ყველაფერი გაირკვევა და კითხვებიც მოიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში განაცხადა.

მისი თქმით, თითოეული მოქალაქე და პირველ რიგში, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები ვალდებული არიან პატივი სცენ ქვეყნის მთავარ კანონს, კონსტიტუციას.

მე აღარ გავიმეორებ იმას, რაც ჩვენი პოლიტსაბჭოს წერილში იყო ახსნილი, განმარტებული. მე ერთს დავამატებდი, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე და პირველ რიგში, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს გვევალება, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, მოვალეობა, რომ პატივი ვცეთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონი, ანუ კონსტიტუცია. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ თემებზე გვიწევს საუბარი მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას ამდენი გამოწვევა და პრობლემა აქვს, იქნება ეს სოციალურ-ეკონომიკური თუ ტერიტორიული პრობლემები, თუ სხვა, რეგიონში მიმდინარე ძალიან რთული პროცესები, ამ დროს, ასეთ ვითარებაში გვიწევს საუბარი ისეთ საკითხებზე, რომელიც არის განმარტებული, ცხადი და ნათელი. ამ ყველაფერს განმარტავს საქართველოს კონსტიტუცია. როგორც ჩანს, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვანილი. ვარაუდი მინდა გამოვთქვა, რომ იგი ამ გაუგებრობაში აღმოჩნდა. აქვე მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ძალიან მალე ალბათ ყველაფერი გაირკვევა და ეს კითხვებიც მოიხსნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.