საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. უსაფრთხოების თემებზე საათობრივად მიდის მსჯელობა. ამის მოთავე არის პრემიერ-მინისტრი - ამ სიტუაციის რეალური მმართველი. ამის არ გათვალისწინება და იმ რაკურსით შემოჭრა ამ საკითხში, რომ მთავარსარდალი არ მოიწვიეს ამ სხდომაზე, არ არის სწორი, - ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკაზე პასუხისას „ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი პრეზიდენტის იმ ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნას ითვალისწინებს.
„სამინისტროს შექმნა არ არის გამოსავალი. არის ყველა სტრუქტურა, რომელიც ერთობლივად მოქმედებს. კეთილი ინებოს ყველამ - პრეზიდენტმა, ოპოზიციამ, უმრავლესობამ - ერთად ავიღოთ და შევაფასოთ ის მდგომარეობა, რაც გვაქვს და თუ ერთი დოკუმენტია საჭირო, მივიღოთ რეზოლუცია. სტრუქტურების შექმნა რას იზამს?“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა პარლამენტში წლიურ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.