აქტუალური
EBRD-მა რუსული კომპანიისგან თბილისის მეტროსთვის ვაგონების შესყიდვა შეაჩერა

 საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზებს მერიაში არ განმარტავენ.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) რუსული კომპანია მეტროვაგონმაშისთვის“ თბილისის მეტროსთვის ვაგონების შესყიდვისთვის დაახლოებით 50 მილიონი ევროს გადახდა შეაჩერა.

2021 წლის დეკემბერში რუსულმა კომპანია „მეტროვაგონმაშმა“, გაიმარჯვა ტენდერში, რომელიც EBRD-მა თბილისის მეტროსთვის 44 ვაგონის მიწოდებაზე გამოაცხადა.

„EBRD-მა შეაჩერა არა თბილისის მერიის პროექტი, არამედ მის მიერვე გამოცხადებული კონკრეტული ტენდერის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების ფინანსური ანგარიშსწორება. EBRD-ის წესებით გამოცხადებულ ორეტაპიან ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა სს „მეტროვაგონმაში“, თუმცა კომპანიასთან თანხის გადარიცხვა ამ ეტაპზე შეჩერებულია“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზებს მერიაში არ განმარტავენ. ამასთან, ქალაქის ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ მეტროს რეკონსტრუქციის პროექტს საფრთხე არ ემუქრება და EBRD აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას თბილისის მუნიციპალიტეტთან“.