აქტუალური
მევლუთ ჩავუშოღლუ: რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების მრავალი ელემენტია, მათ შორის ნეიტრალიტეტი

 საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. ომს არ ჰყავს გამარჯვებული, დამარცხებულები კი უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, ანტალიაში, უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჩავუშოღლუს თქმით, შეხვედრაზე თურქეთმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ღია უნდა იყოს.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, სამმხრივი შეხვედრის ერთ-ერთი დღის წესრიგი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის მოწყობა იყო.

„შეხვედრა, განსაკუთრებით ლიდერების დონეზე, დღის წესრიგში დადგა. უკრაინული მხარე, ზელენსკი მზად არის ასეთი შეხვედრისთვის. ლავროვი და ბატონი პუტინი პრინციპში არ არიან წინააღმდეგი. რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების მრავალი ელემენტია, მათ შორის ნეიტრალიტეტი. ყოვლისმომცველი სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა განიხილება. თქვენ იცით, რომ ასეთ შემთხვევაში უკრაინას სურს, რომ ზოგიერთი ქვეყანა იყოს აქ გარანტი. ერთ-ერთი მათგანი თურქეთია. დღეს ჩვენს ორმხრივ შეხვედრაზე კულებამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.