საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. „საქართველოს პატრიოტთა ერთიან ფრონტში“ გაერთიანებული 55 პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაცია გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს და წვლილი შეიტანოს საქართველოსა და უკრაინის ნეიტრალიტეტში.
ამის შესახებ ნათქვამია გაეროს უშიშროების საბჭოსადმი გაგზავნილ წერილში, რომელიც „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ბევრი წელია მხარს უჭერს საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტსა და რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებას. პარტიის ლიდერები არაერთხელ იმყოფებოდნენ მოსკოვში.
„ვაცნობიერებთ რა ვითარების სირთულეს, მოგიწოდებთ, არა უბრალოდ მხარი დაუჭიროთ, არამედ ქმედითი წვლილი შეიტანოთ საქართველოსა და უკრაინის ნეიტრალიტეტის საქმეში, რათა დასავლეთის ქვეყნები, რუსეთთან ერთად, ჩვენი ქვეყნების ნეიტრალიტეტის გარანტორებად იქცნენ“, – ნათქვამია წერილში.
როგორც გაეროს უშიშროების საბჭოსადმი გაგზავნილ წერილში ქართველი პოლიტიკოსები აღნიშნავენ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ ნეიტრალიტეტი საუკეთესო გამოსავალია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო და უკრაინა.
„ჩვენი აზრით, ტრაგიკული კონფლიქტი უკრაინაში ნათელყოფს, რომ ნეიტრალიტეტი საუკეთესო გამოსავალია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო და უკრაინა. განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინისთვის საუკეთესო გამოსავალი ნეიტრალიტეტია, ხოლო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „არ ეშინია ნეიტრალურ სტატუსზე მსჯელობისა“, რის შესახებაც მან 25 თებერვალს თავად განაცხადა. ყოველივე ეს ადასტურებს, რომ ნეიტრალიტეტზე აქტიური მსჯელობის დაწყება აუცილებელია“, – ნათქვამია წერილში.
როგორც წერილში პოლიტიკოსები აღნიშნავენ, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში დასავლეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელს უწყობდა ისეთი პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის შექმნა-განვითარებას, რომლებიც სრულიად უგულებელყოფდნენ ნეიტრალიტეტს და პროპაგანდას უწევდნენ მხოლოდ ნატოს, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების ერთადერთ ეფექტიან სისტემას.
„მეტიც, ისინი ქმნიდნენ ნატოში გაწევრიანების ცრუ მოლოდინს და საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ნატოსთან პარტნიორობა თავისთავად უსაფრთხოების გარანტიაა, ამასთან განსხვავებული აზრი დღემდე ბულინგს ექვემდებარება“, – აღნიშნულია წერილში.
გაეროს უშიშროების საბჭოსადმი გაგზავნილ წერილს თანდართული აქვს ევროპის, რუსეთისა და აშშ-ის ექსპერტების, ავსტრიის თავდაცვის ეროვნული აკადემიის, ვენის უნივერსიტეტისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის თანამონაწილეობით შექმნილი საქართველოს ნეიტრალიტეტის კონცეფციის დოკუმენტი.
ტექსტში ასევე მოყვანილია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ჩატარებული მოსახლეობის გამოკითხვის (პარტია ამტკიცებს, რომ გამოიკითხა 1,2 მლნ-ზე მეტი ადამიანი) შედეგები, რომელიც საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტსა და რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ეხებოდა. აღნიშნული გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს ქვეყნის სამხედრო ნეიტრალიტეტს და რუსეთთან დიალოგის დაწყებას.
წერილი შვიდ ეგზემპლარად არის შედგენილი. მიმართვას 21 ადამიანი აწერს ხელს.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 2012 წლის დეკემბერში შეიქმნა. 2014 წელს პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა თბილისის მერის არჩევნებზე მეოთხე შედეგი აჩვენა (4,72%). 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ 5,01% აიღო და პარლამენტში მოხვდა, ხოლო 2020 წლის არჩევნებზე მან 3,14% მიიღო.
მიუხედავად შედეგისა, პარტიის ლიდერებმა პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს, რადგან არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, თუმცა პარტიული სიის ოთხი დეპუტატი, რომლებმაც „ალიანსი“ დატოვეს, პარლამენტში შევიდნენ და პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ ჩამოაყალიბეს.