საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, უსაფრთხოების დოქტრინაზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დასრულდება და დოკუმენტი უსაფრთხოების საბჭოს წარედგინება. ამის შესახებ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.
„რაც შეეხება უსაფრთხოების დოქტრინას, ჩვენ ვიმუშავეთ ჩვენ ნაწილზე პარტნიორებთან ერთად. ჩვენი ნაწილი არის სრულად ჩამოყალიბებული და უახლოეს მომავალში უსაფრთხოების საბჭოზე დავასრულებთ ამ დოკუმენტს. გამოვეცით თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი და 2021-2025 – 4-წლიანი გეგმა, ეს არის საჯარო დოკუმენტები და შეგიძლიათ ნახოთ, სადაც განსაზღვრულია ჩვენი საბრძოლო შესაძლებლობების პრიორიტეტები. ასევე იცით, რომ 2019 წლიდან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პრიორიტეტად იქცა ჯარისკაცზე ზრუნვა და ასეც დარჩება“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
ამასთან, თავდაცვის მინისტრმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში მსჯელობს იმ გადაწყვეტილებებზე, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს საქართველოს ეკონომიკაზე და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.
„თქვენ იცით, რომ ჩვენი პრემიერის და გუნდის გაცხადებული პოლიტიკა არის საქართველოზე ზრუნვა. ჩვენი ორიენტირი არის ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი ქვეყანა. ჩვენ პირდაპირ ვალდებულად ვთვლით თავს, რომ ყველანაირი რისკი, რაც ჩვენს ქმედებას შეიძლება ახლდეს, თავიდან უნდა ავაცილოთ ქვეყანას. რაც შეეხება სანქცირებას რა შეიძლება მოჰყვეს, ყოველდღიურ რეჟიმში ვმსჯელობთ იმ საერთაშორისო ინსტიტუციებზე, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ჩვენს ეკონომიკაზე და ვიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
რაც შეეხება უკრაინისთვის გაწეულ დახმარებას, როგორ ბურჭულაძემ აღნიშნა, ჰუმანიტარული დახმარება საქართველოდან უკრაინაში იქამდე გაიგზავნება, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.
„ჩვენ დახმარების თვალსაზრისით მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო აორგანიზებს ჰუმანიტარულ დახმარებას. ერთი თვითმფრინავი გაიგზავნა, მეორე მზად არის. ეს იქნება შეუჩერებელი პროცესი. სადამდეც იქნება საჭირო ჰუმანიტარული დახმარება, იქამდე გავუწევთ“, - განაცხადა ბურჭულაძემ.