„სახალხო კრება“ 26 მაისს დაკავებული პირების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
„მოგახსენებთ, რომ 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის ღამეს დაკავებული პირების უმეტესობას ისე მიესაჯათ სასამართლოს მხრიდან ადმინისტრაციული პატიმრობა, რომ ამის თაობაზე არც ოჯახის წევრებმა და არც მესამე პირებმა იცოდნენ. მართალია, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 281 პრიმა მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ სასამართლოს დადგენილება გამოტანიდან 48 საათში შეიძლება გასაჩივრდეს, თუმცა ეს მუხლი თავისთავად მოიცავს გასაჩივრების შესაძლებლობის ვარაუდს. ცხადია, რომ წინამდებარე შემთხვევაში ხსენებულ ვადაში გასაჩივრების შესაძლებლობა აბსოლუტურად არ არსებობდა. არ არსებობდა ინფორმაცია დაკავებულების ადგილსამყოფელის ან სასამართლო სხდომის ჩატარების თარიღის თაობაზე. არ არსებობდა სასამართლოს მოტივაცია, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო მან ეს გადაწყვეტილება. თუკი არ არსებობს კონკრეტული მოტივაცია, მის მართებულობა-არამართებულობაზე მსჯელობაც შეუძლებელია.
ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ, ასევე, კონკრეტულად თუ რა სამართალდარღვევის გამო იყვნენ პირები დაკავებულნი. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ გასაჩივრების ვადის გაშვება გამოწვეული იქნა დაკავებული მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, რის გამოც ხსენებულ ვადაში დადგენილების გაუსაჩივრებლობა უნდა ჩაითვალოს საპატიოდ და გაუგრძელდეთ ხსენებული ვადა. ათობით ადამიანი იმყოფება საპატიმროებში უმძიმესი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის ქვეშ. მივმართავთ უფლებადამცველ ორგანიზაციებს და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადვოკატებს, გამოიჩინონ ძალისხმევა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, განახორციელოს მონიტორინგი ამ კანონიერი უფლების აღდგენაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა სხვა ნორმებთან ერთად დარღვეული იქნება სტრასბურგის – ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს ქარტიის მიერ დადგენილი უმნიშვნელოვანესი ნორმა.