რელიგია
რატომ უწოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღვიძლმა ძმისშვილმა რუსეთის პრეზიდენტს „ბოროტმოქმედი“ და „არაქრისტიანი“, რომელიც მთელ მსოფლიოს ბირთვული იარაღით ემუქრება“ - საქინფორმი

 საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. გუშინ, დიდი მარხვის დაწყებისადმი მიძღვნილი ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ღვიძლი ძმისშვილი, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი შეეხო უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უწოდა "ბოროტმოქმედი" და "არაქრისტიანი, რომელიც მთელ კაცობრიობას ბირთვული იარაღით ჟღარუნით ემუქრება".

დაიწყო დიდი მარხვა განცდებით, მწუხარებით.

ჩვენ ყველა თვალს ვადევნებთ თუ რა ხდება ჩვენს გარშემო, ჩვენს სამეზობლოში. შეძრწუნებულნი ვართ იმ ბოროტებით, რაც ხდება უკრაინაში და თანავუგრძნობთ ამ მეტად მედგარ, მტკიცე ნებისყოფის ხალხს. ღმერთმა მისცეს მათ სიმხნევე და სიმტკიცე. გამოჩნდა ერთი ბოროტმოქმედი მმართველი, რომელიც მთელ კაცობრიობას ბირთვული იარაღის ჟღარუნით ემუქრება და თავის თავს მიიჩნევს ქრისტიანად და მე ვიტყოდი, რომ მას ქრისტიანულ ფასეულობებთან არანაირი საერთო არ აქვს. როდესაც ის სიამოვნებით უცხადებს მთელ მსოფლიოს, რომ თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ, მე თუ ეს ბირთვული იარაღი გამოვიყენეო, იმას არაფერი აქვს ქრისტიანობასთან საერთო, - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

მან ასევე გააკრიტიკა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე:

უკრაინაში ძალიან ბევრი ეპარქია განადგურდა და ყოველივე ამას ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ ფაქტის გამო, უკრაინელი მღვდელმსახურები ძალიან გულნატკენები არიან რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანებზე და თავად პატრიარქზე. რუსეთის პატრიარქმა გარკვეულწილად გაამართლა ხელისუფლება და ამ ბოროტმოქმედებას, რაც უკრაინაში ხდება, უწოდა რუსეთის ინტერესების დაცვა“, - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

   მეუფეს, რომელიც მარტო გარეგნულად ძალიან ჰგავს მის აღმზრდელ ბიძას, და სკანდალური საქმის - „ციანიდი პატრიარქისათვის“ - ფიგურანტს, რომლის გამოც საპატიმროში სასჯელს იხდის მეუფე დიმიტრის აღზრდილი დეკანოზი გიორგი მამალაძე, რუსოფობიური ქადაგების მიზეზი დღესავით ნათელია: ესაა განაცხადი საპატრიარქო ტახტზე, აშშ-სა და უკრაინის ცნობილ მოქალაქეზე - საქართველოს #1 პატიმრ სააკაშვილზე დაყრდნობით.