საზოგადოება
მომიტინგეები 26 მაისის მოვლენების გამოძიებას ითხოვენ

akcia_mshvidobianiკვირას პარლამენტის წინ რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა, რომელთაც დაგმეს 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევა და პოლიციის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენების გამოძიება მოითხოვეს.

პარლამენტის წინ 26 მაისს ერთი პოლიციელი და, სულ ცოტა, სამი მომიტინგე გარდაიცვალა სპეცრაზმის მიერ აქციის წყლის ჭავლის, რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშლისას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ უკავშირდება სპეცრაზმის ქმედებებს. სამინისტროს თქმით, პოლიციელი და ერთი მომიტინგე საპროტესტო აქციიდან გამოსული მანქანების სწრაფად მიმავალმა კოლონამ გაიტანა. პოლიციის თქმით, აქციის მთავარი ორგანიზატორ ნინო ბურჯანაძის კოლონამ მას შემდეგ დატოვა საპროტესტო აქციის ადგილი, რაც სპეცრაზმმა შუაღამის შემდეგ აქციის დაშლა დაიწყო. ოფიციალური ვერსიის თანახმად, კიდევ ორი მომიტინგის გარდაცვალების მიზეზი ელექტროსადენებთან მათი შეხება გახდა. ორივე მათგანი, შსს-ის განცხადებით, თავისუფლების მეტროსთან მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე აღმოაჩინეს, იმ ტერიტორიის სიახლოვეს, სადაც სპეცრაზმმა მომიტინგეები დაარბია.

28 მაისის აქციის შემდეგ, რომელიც არ იყო ორგანიზებული პოლიტიკური პარტიების მიერ, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ იგი იმ პირების მადლიერია, რომლებიც აქციაზე შეიკრიბნენ. „ეს ნიშნავს, რომ ერი უკვე იღვიძებს“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს 28 მაისს.

„რამდენადაც ვიცი, ხვალაც დაგეგმილია აქცია. მართლა ყველას მოვუწოდებ, რომ ქართველმა ხალხმა თავისი მშვიდობიანი პროტესტით დაგმოს და აიძულოს ეს ხელისუფლება, მოშორდეს ქვეყნის მართვის სათავეებს“, – განაცხადა მან.

მიუხედავად იმისა, რომ აქციის ორგანიზატორებს შორის პოლიტიკური პარტიები არ ყოფილან, რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკოსი მაინც გამოჩნდა მიტინგზე. თუმცა მათ რაიმე განცხადებები არ გაუკეთებიათ, რადგანაც აქციაზე შეკრებილი ხალხი პოლიტიკური ლიდერების მიმართ კრიტიკას გამოთქვამდა. 28 მაისის აქციის ბევრი მონაწილე, რომლებიც ჟურნალისტებს გაესაუბრა, ასევე, აკრიტიკებდა ნინო ბურჯანაძეს და მას ადანაშაულებდა 26 მაისს განვითარებულ მოვლენებში.

იმავე დროს, კვირას ოპოზიციურმა პარტიამ – „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ – აქციის დარბევის საპარლამენტო გამოძიებისკენ მოუწოდა.

„გუშინდელ სამოქალაქო საზოგადოების აქციაზე ათასობით ადამიანის მიერ გამოხატულმა პროტესტმა ძალადობის წინააღმდეგ დაგვარწმუნა, რომ ქართველი ერი უსამართლობას არ ეგუება და ღირსებას არ დათმობს“, – ნათქვამია თავისუფალი დემოკრატების განცხადებაში, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მომიტინგეთა გარდაცვალების მიზეზების ოფიციალურ ვერსიას.

„ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. კომისიაში მიწვეულ უნდა იყვნენ დამოუკიდებელი ექსპერტები და ის პიროვნებები, რომელთა რეპუტაცია საზოგადოებაში ეჭვს არ იწვევს“, – ნათქვამია განცხადებაში.