აქტუალური
ლევან დავითაშვილი: საქართველოში ყოველთვის არსებობს სხვადასხვა პროდუქტის გარკვეული მარაგი, მომავალ შემოდინებებს საფრთხე არ ემუქრება

 საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. მოვუწოდებდი თითოეულ მოქალაქეს, რომ მარაგების კეთებას აზრი არ აქვს, ლოგისტიკა მუშაობს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“ განაცხადა.

კითხვაზე, რეგიონში არსებულმა მძიმე ვითარებამ გარკვეული გავლენა იქონია მოქალაქეების ქცევაზე, საქართველოში მოქალაქეებმა დაიწყეს გარკვეული პროდუქტების მომარაგება, რა მდგომარეობაა ახლა საქართველოში სურსათის უსაფრთხოების მიმართულებით, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში გეორგაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ასევე ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ყოველთვის არსებობს სხვადასხვა პროდუქტის გარკვეული გარდამავალი მარაგი.

ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, არის მაღალი ხარისხის კოორდინაცია კონკრეტულ ბიზნესაქტორებთან, იმპორტიორებთან, მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა რგოლთან, რადგან ეს პანიკური პროცესები მაქსიმალურად განეიტრალდეს. ასეთი კრიზისული ვითარების მართვის კარგი გამოცდილება გვაქვს სამწუხაროდ, პანდემიის გამო, მაგრამ ეს გამოცდილება დაგროვებულია სამინისტროებში. თითქმის ყველა სამინისტროს აქვს კრიზისის მართვის გამოცდილება. ძალიან მსგავსია ლოგისტიკური ჩავარდნები იმ ჩავარდნების, რომელიც პანდემიის პირობებში გვქონდა. ეს გამოცდილება არსებობს შესაბამისად, ჩვენ მალე დავძლევთ ამას. მოსახლეობამ პანდემიის დროს იხილა, რომ პანიკა აზარალებს მხოლოდ მათ, სინამდვილეში არ იქნებოდა დეფიციტი არც ერთ პროდუქტზე. საქართველოში გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, გამომდინარე ბევრი სხვა ფაქტორიდან, ყოველთვის არსებობს სხვადასხვა პროდუქტის გარკვეული გარდამავალი მარაგი. ეს არის როგორც წესი, ორ თვემდე მარაგებიც კი, თითქმის ყველა ბიზნესოპერატორს აქვს. შესაბამისად, დღეს, როდესაც ვხედავთ დახლების დაცარიელებას, ეს არის მიწოდების ჯაჭვში ჩავარდნები, პანიკიდან გამომდინარე, როდესაც მებითუმე, მოვაჭრე, საცალო მოვაჭრე თუ იმპორტიორი, ვერ ასწრებს ამ პანიკური მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მაშინ, როდესაც ამა თუ იმ პროდუქტის მარაგი არის და მომავალ შემოდინებებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ეს სამწუხაროდ, იწვევს სპეკულაციებს, მოსახლეობის დაზარალებას. მოვუწოდებდი თითოეულ მოქალაქეს, რომ ამ შემთხვევაში მარაგების კეთებას აზრი არ აქვს, ლოგისტიკა მუშაობს“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

კითხვაზე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინა, რუსეთი აწესებს შეზღუდვებს და ეს თუ გვიქმნის გამოწვევას და ამ ქვეყნებიდან შემომავალი იმპორტირებული პროდუქციის ალტერნატივა თუ არის უკვე მოძიებული, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ასეთი შეზღუდვები გავლილი აქვს პანდემიის დროს, როდესაც ესა თუ ის ქვეყანა აწესებდა შეზღუდვებს.

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საბოლოოდ ყველა ქვეყანა, თუ ამის საშუალება აქვს, ის დაინტერესებულია ექსპორტით და ასეთი შეზღუდვები, პირველ რიგში, ადგილობრივ ბიზნესებს აზარალებს, ამიტომ ალტერნატივები ყოველთვის არის. ალტერნატივები ჩვენ შემთხვევაშიც არის, მათ შორის რეგიონში ჩანაცვლების ალტერნატივებიც, თუმცა უკრაინის შემთხვევაში, ეს არის მიწოდების ფიზიკური პრობლემები, გვესმის რა, რომ უბრალოდ ლოგისტიკა ვერ მუშაობს საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე და ეს არის პრობლემა.

რუსეთთან მიმართებაში ჯერ სავაჭრო ურთიერთობები არსებობს, ალტერნატივებია შუა აზიის ქვეყნებში, ყაზახეთთან. საქართველო არის ზღვაზე მდებარე ქვეყანა, როდესაც ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად პირდაპირი კავშირები შეფერხების გარეშე მთელ გარესამყაროსთან და მსოფლიოსთან. როდესაც ვსაუბრობთ ამა თუ იმ პროდუქტის მოწოდებაზე, ახლო გეოგრაფიიდან, ამას თავისი უპირატესობა აქვს ფასის კუთხით. აქ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ სავაჭრო კავშირები, რომელიც გვაქვს, რათა იაფი პროდუქცია ჰქონდეს ჩვენს მოსახლეობას და ნაკლები იყოს ინფლაციური გავლენა. როდესაც არის კრიზისული ვითარება, მთავარია, იყოს ხარისხიანი მართვა, იყოს მაღალ დონეზე კოორდინაცია, ყოველდღიური კომუნიკაცია, რასაც შესაბამისი სახელმწიფო უწყებები აკეთებენ. დარწმუნებული ვარ, არანაირი მარაგის, დეფიციტის პრობლემა ჩვენ არ გვაქვს და ის დროითი შეფერხებები მოკლე ვადაში არის დაძლევადი. როდესაც პანიკას მივყვებით, მესმის, ეს ემოციურია, მაგრამ სჯობს, მოვისმინოთ ოფიციალური წყაროების ინფორმაცია და რეალურად არ დაზარალდეს ჩვენი მოსახლეობა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.