საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად საქართველოში მოქმედი ბანკების ხელმძღვანელებს, ბიზნეს-ასოციაციისა და საბანკო ასოციაციის პრეზიდენტებთან შეხვედრა გამართა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
კორონავირუსის პანდემიის ზემოქმედების შედეგად 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6,8%-ით დაეცა. აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი 2021 წლის აპრილიდან დაიწყო, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახა – ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
მთავრობის მეთაურმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძისგან მოისმინა ეკონომიკური ვითარების მიმოხილვა და ეროვნული ბანკის პროგნოზი ლარის კურსთან დაკავშირებით.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ეკონომიკურ ტენდენციებს და აღნიშნა, რომ იანვარში 18%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რაც რეგიონში უპრეცედენტო მაჩვენებელია.
ამასთან მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ექსპორტი და შეიმჩნევა დადებითი დინამიკა ტურიზმის აღდგენის მიმართულებით. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს ტემპი არ შენელდეს და კიდევ უფრო გაიზარდოს. ამ პროცესში ბიზნესს განსაკუთრებული როლი ენიჭება.
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის სახელით ბიზნესს სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ სახელმწიფოს მიერ დაანონსებული პროექტებისა და პროგრამების განხორციელებაში, რომლებიც ეკონომიკური ზრდის წახალისებას და ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ისახავს მიზნად.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები არჩილ მესტვირიშვილი და პაპუნა ლეჟავა, საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე, „საქართველოს ბანკის", „თიბისი ბანკისა" და „ლიბერთი ბანკის" ხელმძღვანელი პირები.
ეკონომიკის ზრდის რეალური მაჩვენებელი 2021 წელს იყო 10,6%. ამასთან, წლიურმა ინფლაციამ (2021 წლის დეკემბერი 2020 წლის დეკემბერთან მიმართებით) ქვეყანაში 13,9% შეადგინა მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლის პირობებში.