საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. უკრაინის საელჩო საქართველოში მადლობას უხდის საქართველოს მოქალაქეებს, საქმიანი წრეების წარმომადგენლებს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინის მხარდაჭერისთვის უკრაინისთვის ასეთ რთულ დროს, - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ანდრეი კასიანოვმა ჰუმანიტარულ დახმარებაზე საუბრისას ბრიფინგზე განაცხადა.
ანდრეი კასიანოვის თქმით, საქართველოს მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის ძალიან „დროული და მნიშვნელოვანია“.
„ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ პოლონეთის, მეგობრების, ასეთი სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის და ჩვენ ამას არასდროს არ დავივიწყებთ. საქართველო ასევე გვიდგას გვერდში ამ საკითხში. 6 მარტს, კვირას უკრაინაში გაიგზავნა თვითმფრინავი ჰუმანიტარული დახმარებით, სამედიცინო აღჭურვილობა 40 ტონა, მედიკამენტები, სურსათი, ტანსაცმელი, ჰიგიენური საშუალებები და ყველაფერი, რასაც ძალიან საჭიროებს ახლა უკრაინის მოსახლეობა. ეს არის ძალიან დროული და მნიშვნელოვანი დახმარება. უკრაინის საელჩო საქართველოში გამოთქვამს მადლიერებას პირველ რიგში საქართველოში ყველა უკრაინელის მიმართ, ასევე მადლობას უხდის საქართველოს მოქალაქეებს, საქმიანი წრეების წარმომადგენლებს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინის მხარდაჭერისთვის უკრაინისთვის ასეთ რთულ დროს“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.
ანდრეი კასიანოვი ბრიფინგზე რუსეთის მიერ საქართველოსთვის რძის პროდუქტების ბაზრის გახსნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე მადლიერია „იმ განმარტებების, რომლებიც გასცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა“.
„რაც შეეხება ქართულ-უკრაინული ურთიერთობების ცალკეულ ასპექტებს, მინდა, ხაზი გავუსვა ერთ მომენტს, მასმედიის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოახდინა შესაბამისი რეაგირება საკუთარ განცხადებაში ამ ინფორმაციაზე, ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად და მადლობლები ვართ იმ განმარტებების, რომლებიც გასცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ბატონმა ლევან დავითაშვილმა.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ნებისმიერი სპეკულაციისგან და ხაზს ვუსვამთ რუსულ კომპანიებთან ბიზნესის წარმოების დაუშვებლობას, რაც რუსეთს დამატებით რესურსებს აძლევს უკრაინის წინააღმდეგ სისხლისმღვრელი ომის გასაგრძელებლად. მიღებული მოგება კი მოკლული უკრაინელების სისხლით არის გაჟღენთილი“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.
საუბრის ბოლოს ანდრეი კასიანოვმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საქართველოს მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის.
„მინდა მივმართო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ქართველებო, თქვენ არაჩვეულებრივები ხართ, აღფრთოვანებული ვარ უკრაინის მხარდაჭერის დონით, უსაზღვროა ჰუმანიტარული დახმარება, მიტინგები უკრაინის მხარდასაჭერად, საქართველოს ტერიტორიაზე, თქვენთან, თქვენს ოჯახებში უკრაინის მოქალაქეების დაბინავებასთან დაკავშირებული წინადადებები, ყველა ქუჩა, ხიდები უკრაინის დროშის ფერებშია, ჩვენ უკრაინელები ვგრძნობთ, რომ თქვენ ყოველთვის ჩვენ გვერდით ხართ და უკრაინასთან ერთად მზად ხართ, იბრძოლოთ თქვენი დამოუკიდებლობისთვის, დემოკრატიისთვის და თქვენი თავისუფალი არჩევანისთვის“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.