საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. უკრაინაში რაც ხდება, კატეგორიულად მიუღებელია. იმედი გვაქვს, საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ.
მისივე თქმით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქართველოდან 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი გაგრძელდება.
„მძიმე საყურებელია, რაც უკრაინაში ხდება. კიდევ ერთხელ, მინდა მთავრობის სახელით გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ყველა დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, ყველა საერთაშორისო დონეზე მხარი დავუჭირეთ პოლიტიკურად, და რა თქმა უნდა, ამას გავაგრძელებთ.
გარდა ამისა, მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ დღეის მდგომარეობით, 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა დახმარების სახით უკრაინაში და ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ კიდევ უფრო მეტ ჰუმანიტარულ ტვირთს გავგზავნით უკრაინაში. ჩვენი საელჩო მაქსიმუმს აკეთებს. მოგეხსენებათ, ჩვენი ელჩი ბოლო დღემდე რჩებოდა. ახლაც, რა თქმა უნდა, უკრაინაშია, გადასულია სხვა ქალაქში. კიევში იყო და სულ რამდენიმე დღის წინ გადავიდა კიევიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს ბოლომდე გავაკონტროლებთ იმისთვის, რომ არც ერთი ჩვენი მოქალაქე, რომელიც უკრაინაშია, არ დარჩეს ყურადღების მიღმა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მინდა, მკაფიოდ განვაცხადო – ჩვენთვის, ყველასთვის ომი კატეგორიულად მიუღებელია. ის, რაც ხდება უკრაინაში, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია და ყველანი ვლოცულობთ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში. ტრაგედია, რომელიც ხდება, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ადამიანები იღუპებიან და ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. იმედი გვაქვს, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.