გოგი, რატომ, რატომ?! რატომ წახვედი, როგორც ცხოვრობდი - ინგლისელი ლორდივით, «НЕ ПРОЩАЯСЬ»?! ხომ გელაპარაკე იმ დღეს, დაბადების დღე მოგილოცე, რამდენი მაცინე შენი არაჩვეულებრივი რაფინირებული იუმორით! მე რომ მცოდნოდა, რომ ეს ჩვენი ბოლო საუბარია, რომ შენს ხმას მეტს ვერ გავიგებ, ხომ მოვიდოდი და არ მოგცილდებოდი?! რეზო, მერე შენ - რას შვრებით, ძმებო, რატომ მტოვებთ ყველაზე ახლობლები, ვისთანაც ცხოვრება გავიარე?! ან ამ უბედურ ქვეყანას რას ერჩით, უპატრონოდ რომ ტოვებთ?! ვინ დამიძახებს ეხლა ხიდირბეგს, ვინ?! ვის და რაზე ველაპარაკო აწი?! განა ვინმემ იცის, რაც ჩვენ გვახსოვს?! გოგი, ბედნიერები არიან ყველანი, ვინც გიცნობდა, და ძალიან მდიდრები, ვინც შენს გვერდით ვიყავით, ყველაზე ახლობლები, შენი ძმის და შვილის, საშათი და დათოთი დაწყებული, და ჩემით დამთავრებული. არარეალურად მაღალი ინტელექტი და განათლება, ბოლომდე ყველაფერს რომ კითხულობდი და წიგნებს ყიდულობდი; ჭეშმარიტად თავადური დარბაისლობა და ღვთიური თავმდაბლობა, ნამდვილ არისტოკრატს რომ ეკადრება, ფანტასტიური იუმორი და ვაჟკაცობა, და ეს ყველაფერი - ერთ პიროვნებაში! ცალკე თემაა - გოგი ჯავახიშვილის გემოვნება, ყველაფერში, რაც მის ჩაცმულობაში გამოიხატებოდა! შენგან ვსწავლობდით, ვცდილობდით გვესწავლა, - როგორ უნდა გვეცვას, თვითონ ხომ სულ ლორდივით იყო, კლასიკურად და ამავდროულად, მოდურად ჩაცმული, რასაც მარტო ის ახერხებდა! დაბადებით დიპლომატი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიდერი, მასწავლებელი, უმაღლესი სინჯის ქართველი, არაჩვეულებრივი შვილი, მეუღლე, ძმა და მამა, რომელიც პრინციპებს არ ღალატობდა! გოგი, შენს ნაჩუქარ ჩიბუხსა და ჰალტუხებს ვინახავ და ყველაფერს მივცემდი, რომ ის დღეები განმეორდეს, როცა საუბრისას მოვუკიდებდით ჩუბუხს "ორლიკით" და "კამპარის" ვწრუპავდით... არ ვიცი, მირჩევნია არაფერი გავიხსენო, ვითომ აქ ხარ და არაფერიც მომხდარა! აი, ავიღებ ახლა მობილურს, მოვძებნი "Gogi Javax", დავაჭერ ღილაკს და....
არნო ხიდირბეგიშვილი
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ ღრმა წუხარებით იუწყება, რომ 80 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი დიპლომატი, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, აკადემიკოსი გიორგი (გოგი) ჯავახიშვილი.