პოლიტიკა
ერგნეთში IPRM-ის 105-ე შეხვედრა გაიმართა

 საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. ცხინვალის საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთში 4 მარტს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 105-ე შეხვედრა გაიმართა.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც IPRM-ის ეუთოსთან ერთად შეხვედრების თანაფასილიტატორია, განაცხადა, რომ მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს თვითნებური დაკავებებისა და „ბორდერიზაციის“ შემთხვევებზე, ასევე ჩორჩანა-წნელისის რაიონში არსებულ ვითარებაზე.

მხარეებმა ადგილობრივ მოსახლეობაზე ე.წ. გამშვები პუნქტების დაკეტვითა და კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეულ გავლენაზეც იმსჯელეს.

განცხადების მიხედვით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა მოუწოდა მხარეებს თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელთაც, „არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში“, შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინონ გამყოფი ხაზის გასწვრივ სტაბილურობისა და უსაფრთხოებაზე.

მან ასევე მოუწოდა მხარეებს დაგეგმილი აქტივობების შესახებ წინასწარი გაფრთხილების მიზნით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი გამოიყენონ.

თავის მხრივ, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ვიორელ მოჩანუმ მოუწოდა მხარეებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიური ყოფის გაუმჯობესებაზე იზრუნონ.

თანაფასილიტატორებმა ბოლო დროს დაკავებების გაზრდილი რაოდენობის გამო შეშფოთება გამოხატეს და ჰუმანიტარული მისიების დაშვების, ასევე მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის რელიგიური დანიშნულების მქონე ადგილებსა და ახლობელთა სასაფლაოებზე დაშვებისკენ მოუწოდეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ თბილისის მთავარ პრიორიტეტს კვლავ თვითნებურად დაკავებული ექვსი საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების საკითხი წარმოადგენდა.

მისი თქმით, 10 დეკემბერს დაკავებულ ვლადიმერ კანიაშვილს ცხინვალმა ექვსი თვით, ხოლო კახაბერ ნათაძეს 3 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ანთაძემ ასევე განაცხადა, ყოფილი ქართველი სამხედრო, მამუკა ჩხიკვაძე განაჩენს 9 მარტს ელოდება.

მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.

ანთაძის თქმით, ცხინვალის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე დაადასტურეს, რომ ისინი არ არიან დაინტერესებულნი დამატებითი დაძაბულობის შექმნაში და რომ სიტუაცია გამყოფი ხაზის გასწვრივ არ გაუარესებულა.

საინფორმაციო სააგენტოს „რესის“ ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელმა, იგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ ცხინვალმა კიდევ ერთხელ დააყენა ჩორჩანა-წნელისის პოლიციის საგუშაგოს საკითხი და მას „დესტაბილიზაციისა და დაძაბულობის გამომწვევი ფაქტორი“ უწოდა.

მისი თქმით, საგუშაგოს აღების შემთხვევაში, ცხინვალის ხელისუფლებამ თბილისს ახალგორთან ოძისი/მოსაბრუნის გამშვები პუნქტის გახსნა შესთავაზა.

ცხინვალმა მოცემული გამშვებული პუნქტი 2019 წლის სექტემბერში, პოლიციის საგუშაგოს აშენების საპასუხოდ ჩაკეტა.

ერგნეთის მომდევნო შეხვედრა 12 აპრილს გაიმართება.