საზოგადოება
ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და დასძინა, რომ კომისიაში დამოუკიდებელი ექსპერტები და ის პიროვნებები უნდა იყვნენ მიწვეული, რომელთა რეპუტაცია საზოგადოებაში ეჭვს არ იწვევს. „მომხდარ ფაქტს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს. ჭეშმარიტების დადგენაში გადამწყვეტი მნიშვნელობა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობას ენიჭება. უნდა შევქმნათ ერთიანი სამოქალაქო ფრონტი, რომელიც სამართლიანი სახელმწიფოს შექმნისთვის მებრძოლ ყველა პროფესიისა და ეროვნების ადამიანს გაგვაერთიანებს“, – განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, 26 მაისის შემდეგ მიტინგში მონაწილე მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი არაადამიანური სისასტიკის ახალი კვალი, წამებით მოკლულთა ახალი ცხედრები და უმოწყალოდ ნაცემი ადამიანების რეგიონებში გადამალვის ფაქტები ყოველდღე ჩნდება და აგრესიასთან შეგუება და დამნაშავის დაუსჯელად დატოვება საზოგადოების მიერ ღირსებაზე უარის თქმას ნიშნავს. „ჩვენ უნდა ვიყოთ კანონმორჩილი, მაგრამ არა მოძალადე ხელისუფლების მოშიში საზოგადოება. სააკაშვილისა და მერაბიშვილის ხელისუფლებამ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ ადამიანების წამებას სისტემური ხასიათი მისცა და მომიტინგეების წინააღმდეგ მოქმედების არსენალშიც დაამკვიდრა. დატყვევებული და ბორკილდადებული მომიტინგეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენებითა და განსაკუთრებული სისასტიკით განხორციელებული ძალადობა, რამაც ადამიანების სიკვდილი გამოიწვია, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“, – აღნიშნა ალასანიამ, რომლის მტკიცებით, 26 მაისის ღამის სადამსჯელო ოპერაცია მიხეილ სააკაშვილის პირადი ბრძანებისა და მერაბიშვილის უშუალო ხელმძღვანელობის გარეშე არ განხორციელდებოდა.