საზოგადოება
პრეზიდენტი ზურაბიშვილი პრემიერ ღარიბაშვილს აკრიტიკებს: „არ ვიცი, რატომ გააკეთა ეს განცხადება!“

 საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. France 24-თან ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირსა და ნატოში ქართველი ხალხის სწრაფვაზე ისაუბრა, რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არ გაიზიარა და მიესალმა პრეზიდენტ ზელენსკის განაცხადს ევროკავშირში უკრაინის დაუყონებლივ გაწევრიანების თხოვნის თაობაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა 1 მარტს ფრანგულ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი ვერ გადაახვევინებს ვერც საქართველოს და ვერც უკრაინას დასავლეთში ინტეგრაციის გზიდან.

კითხვაზე შეცვლის თუ არა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, რასაც წინ უძღვოდა ნატოს გაფართოების თაობაზე რუსეთის წუხილები, საქართველოს ევროინტეგრაციის მიზნებს, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ „საქართველოში 14 წლის წინ შეიჭრნენ და მისი ოკუპაცია განახორციელეს“.

„და არა მხოლოდ 14 წლის წინ, უკვე მეოთხედ ხდება საქართველოს დაპყრობა სხვადასხვა რუსეთის მიერ და ამას არასდროს შეუცვლია ქართველი ხალხის განზრახვა, რომ ევროპასა და ნატოს შეუერთდეს“.

„ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენს კონსტიტუციაშია ასახული, მაგრამ ის ასევე ასახულია ჩვენი ხალხის გულებში, რომლებიც ფიქრობენ, რომ ისინი უფრო არიან ევროპელები, ვიდრე ზოგჯერ თავად ევროპელები“, – განაგრძო მან.

უკრაინის შესახებ საუბრისას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „რაც უნდა მოხდეს, შედეგი ის იქნება, რომ ხვალინდელი უკრაინა ანტირუსული იქნება… მათ შორის, ის რაიონებიც, რომელთაც პუტინი თითქმის რუსულს უწოდებს“.

„როდესაც იმ ქალაქებს ბომბავ, რომლებიც რუსულად და რუსულენოვნად მიგაჩნია, ვფიქრობ, სწორედ ეს იწვევს რეაგირებას თავად რუსეთში. რუსეთის მოსახლეობას აღარ ესმის, თუ ძმები არიან, რისთვის ბომბავენ ძმებს?“.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე საუბრისას, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „არ ვიცი, რატომ გააკეთა ეს განცხადება“.

აღნიშნა რა, რომ საქართველოს უკვე აქვს რუსეთის მიერ ოკუპირებული ორი რეგიონი, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა: „არ ვარ დარწმუნებული, რა ტიპის სანქციები შეიძლება დავაწესოთ, რომელსაც მართლა ექნება აზრი ამ მომენტში“.

მან ასევე აღნიშნა, რომ სანქციებს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და დასძინა: „ამიტომ, არ მიმაჩნია, რომ [პრემიერის] ასეთ განცხადებას რაიმე დიდი აზრი აქვს დღეს“.

„გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი“, – აღნიშნა მან.

„რასაც ყველა მოელის საქართველოსგან არის ღია სოლიდარობა და სწორედ ამიტომ ჩამოვედი აქ, რათა ვაჩვენო პრეზიდენტ ზელენსკის ის, რასაც საქართველოს მოსახლეობა ძალიან მკაფიოდ აჩვენებს“.

„ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას“, – აღნიშნა მან.

ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

„ის არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ასევე არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული საქართველოს და უკრაინის ნატოში სწრაფვა.

ზურაბიშვილის თქმით, იგი სრულად ეთანხმება და მხარს უჭერს პრეზიდენტ ზელენსკის განაცხადს ევროკავშირში დაუყონებლივ გაწევრიანების თაობაზე.

„არ ვიცი, იქნება თუ არა ეს დაუყონებლივ გაწევრიანება, მაგრამ ნათელია, რომ არსებობს შესაძლებლობის ფანჯარა, ევროპული ქვეყნების მზადყოფნა, რომ გაწევრიანებაზე თანხმობა განაცხადონ“, – აღნიშნა მან.

„როგორი ფორმით მოხდება ეს, ამას ვნახავთ, მაგრამ ჩემი სურვილია, რომ საქართველოც იმავე მდგომარეობაში [უკრაინის მსგავსად, წევრობის დაჩქარებული წესით კანდიდატად] ვიხილო“, – დასძინა მან.