აქტუალური
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ლიდერებს შეხვდა

 საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 1 მარტს ბრიუსელში ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებს, შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.

„ორივესთან მქონდა ძალიან მეგობრული საუბარი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ.

„იმის მოსმენა მინდოდა, რომ დღევანდელ დღეს, იმის მიუხედავად, რომ ყველასთვის ცენტრში დღეს არის უკრაინა და უკრაინაში განვითარებული ძალიან მძიმე მოვლენები და სოლიდარობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ამ დროს საქართველოს მდგომარეობა არ არის მივიწყებული“, – განაცხადა მან.

„ჩვენ აქ ვართ და ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ჩვენი გზა ევროპისკენ და ყველა ის ზომები მივიღოთ და ყველა ის რეფორმა განვახორციელოთ, რაც აუცილებელია“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ახალი პოლიტიკური გარემო ევროპაში „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებს – საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას – ახალ პერსპექტივას გაუჩენს და „ამისთვის ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ“.

პრეზიდენტმა მიშელმა, თავის მხრივ, 2021 წელს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებზე მის, როგორც შუამავლის როლზე ისაუბრა, რასაც 19 აპრილს შეთანხმების ხელმოწერა მოჰყვა.

„ვეცადე ყველაფერი გამეკეთებინა იმისათვის, რომ საქართველოში სტაბილურობის, ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად ყველა შესაძლო ძალისხმევისთვის დამეჭირა მხარი“, – აღნიშნა მან.

პრეზიდენტმა მიშელმა განაცხადა, რომ ევროპულ საბჭოს, ევროკომისიასა და ევროპარლამენტს სურთ გამოხატონ „მკაფიო და კონკრეტული მხარდაჭერა, რათა შენარჩუნდეს ყველა ძალისხმევა და გაძლიერდეს კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის“.

„ჩვენ განვსაზღვრეთ, რა არის ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, რაზეც ერთად უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ამ ძალიან რთულ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთად ვიდგეთ, ძალიან მკაფიო გზავნილი გავაკეთოთ საერთაშორისო სამართლის, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და გაეროს წესდების სრული პატივისცემის მიმართ“.

შარლ მიშელმა „კონკრეტული პროგრესის“ საჭიროებას გაუსვა ხაზი, რათა დარწმუნდნენ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ძლიერი კავშირები „ძალიან ხილული და ხელშესახებია“ საქართველოს მოსახლეობისთვის.

მანამდე, 1 მარტს, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე დაწერა, რომ „ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და მედეგობას ამ რთულ დროს“.

„მზად ვართ, გავაფართოვოთ ჩვენი თანამშრომლობა, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ჰიბრიდული საფრთხეების სფეროებში“, – დასძინა მან.

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში პარიზიდან ჩავიდა, სადაც 28 თებერვალს ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს შეხვდა.