სამართალი
ღარიბაშვილი: სააკაშვილის მთავრობა გამუდმებით და დაჟინებით ეძებდა გზებს რუსეთთან ვაჭრობის აღსადგენად

 საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილის მთავრობა გამუდმებით და დაჟინებით ეძებდა გზებს რუსეთთან ვაჭრობის აღსადგენად და რუსეთის ბაზრის გასახსნელად. ჩვენ კარგად ვიცით ეს ყველაფერი. ბატონმა სააკაშვილმა ომის შემდეგ სულ რამდენიმე ხანში თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტი ვის მიყიდა? რუსულ სახელმწიფო კომპანიებს, წყლის კომპანიები, ჰიდრო-ელექტრო სადგურები, ენერგეტიკული სხვა ობიექტები მიყიდა რუსულ სახელმწიფო კომპანიებს, ომის შემდეგ, ხაზს ვუსვამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილის ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მიეღწია რუსეთის ბაზრის გახსნას, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მოაწერა ხელი, რისთვისაც მათ 19 წელი დასჭირდათ.

რაც შეეხება საკითხს, რომელზეც ძალიან ბევრი დეზინფორმაცია და უაზრო კამპანია წამოიწყეს - უნდა შეუერთდეს თუ არა ეკონომიკურ სანქციებს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ. მე განმარტება გავაკეთე, რომ ვეფუძნებით რა ეროვნულ, ქვეყნის ინტერესებს, ჩვენ ვთქვით, რომ არ მივიღებდით მონაწილეობას და მინდა, ეს დასაბუთება და არგუმენტები ჩვენს მოსახლეობას ავუხსნა ძალიან მოკლედ და მარტივად. მანამდე გეტყვით, რომ აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილის მთავრობა გამუდმებით და დაჟინებით ეძებდა გზებს რუსეთთან ვაჭრობის აღსადგენად და რუსეთის ბაზრის გასახსნელად. ჩვენ კარგად ვიცით ეს ყველაფერი. ბატონმა სააკაშვილმა ომის შემდეგ სულ რამდენიმე ხანში თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტი ვის მიყიდა? რუსულ სახელმწიფო კომპანიებს, წყლის კომპანიები, ჰიდრო-ელექტრო სადგურები, ენერგეტიკული სხვა ობიექტები მიყიდა რუსულ სახელმწიფო კომპანიებს, ომის შემდეგ, ხაზს ვუსვამ. ამას გარდა, ვინაიდან ვერ მიაღწიეს ბაზრის გახსნას, სააკაშვილმა გამოსცა ბრძანებულება 2012 წელს და ცალმხრივად გაუხსნა რუსეთის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი, 2012 წლის თებერვალში, მაშინ როცა აქ გამძვინვარებული იყო მათი ანტირუსული რიტორიკა და ა.შ. მანამდეც იყო არა ერთი ფაქტი ჩვენი სახელმწიფო კომპანიების რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე გადაცემის, ეს ფაქტებია, არაფერი გაზვიადებული, ამის თაობაზე ყველამ ყველაფერი ვიცით და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია. ამის შემდეგ იმისთვის, რომ მიეღწია რუსეთის ბაზრის გახსნას, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ხელი მოაწერა. მე შევახსენებ ყველას, რომ აღნიშნული პროცესი იყო გაჭიანურებული. 19 წელი დასჭირდა რუსეთს იმისთვის, რომ გაწევრიანებულიყო ამ ორგანიზაციაში და ერთ-ერთი მიზეზი იყო სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში შეუთანხმებლობა. ამ ყველაფერს ვითომ პატრიოტი სააკაშვილის ხელისუფლებამ რა თქმა უნდას ხაზი გადაუსვა და ჩუმად, მალულად ხელი მოაწერა“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.