პოლიტიკა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: რუსეთის ნაბიჯი მძიმე დარტყმაა რეგიონის სიმშვიდისა და სტაბილურობისთვის

 საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის სამხედრო მოქმედება უკრაინის წინააღმდეგ მიუღებელია, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ერდოღანის თქმით, რუსეთის ის ნაბიჯი, რომელიც თურქეთს საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ მიაჩნია, მძიმე დარტყმაა რეგიონის მშვიდობის, სიმშვიდისა და სტაბილურობისთვის.

„მე ვაცხადებ, რომ მიუღებლად მიგვაჩნია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაცია“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

პარალელურად, განცხადება გაავრცელა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის სამხედრო ოპერაცია უკრაინის წინააღმდეგ მიუღებელია.

თურქეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, რუსეთის შეჭრა არის არამხოლოდ მინსკის შეთანხმების განადგურება, არამედ ასევე არის საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევა და საფრთხეს უქმნის რეგიონის და მსოფლიოს უსაფრთხოებას.

„თურქეთი, რომელიც მიიჩნევს, რომ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უნდა იყოს დაცული, ეწინააღმდეგება იარაღის საშუალებით საზღვრების შეცვლას. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რაც შეიძლება მალე შეწყვიტოს ეს უსამართლო და უკანონო ქმედება. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის პოლიტიკური ერთიანობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი გაგრძელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.