საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მთავარ მრჩევლად სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე დაინიშნა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეა აღნიშნული, დავით თევზაძე სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში მთავარი მრჩევლის თანამდებობას 2022 წლის 21 თებერვლიდან იკავებს.
ცნობისთვის, დავით თევზაძე 1992 წლის იანვრიდან შეუერთდა ეროვნული გვარდიის რიგებს, მეთაურობდა სარეზერვო ბატალიონ „ორბს“, ამავე წლიდან მონაწილეობდა საქართველოს ერთიანობისთვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში. 1992-1993 წლებში იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-11 მოტომსროლელი ბრიგადის ბატალიონის მეთაური, 1993-1994 წლებში – ბრიგადის მეთაური. 1997 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიის საქართველოს სამხედრო ძალების მთავარ სამხედრო ინსპექციას.
1998-2004 წლებში დავით თევზაძე იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი, 2004 წელს – საქართველოს ელჩი ნატო-ში. 2004-2005 წლებში ხელმძღვანელობდა სტრატეგიული კვლევების ჯგუფს. დათხოვილია თადარიგში 2004 წლიდან. 2017 წლიდან იგი იყო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი.