საზოგადოება
ალიევი: რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის დასრულებაში

 საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის დასრულებაში, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

ამის შესახებ აზერბაიჯანის ლიდერმა სამშაბათს კრემლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.

„რუსეთის ფედერაციამ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის დასრულებასა და კონფლიქტის მოგვარების გადატანაში ცხელი ფაზიდან პოლიტიკურ და დიპლომატიურ კალაპოტში“, - ციტირებს РИА Новости ალიევს.

2020 წლის ნოემბერში ვლადიმირ პუტინის აქტიური მონაწილეობით ხელმოწერილმა სამმხრივმა განცხადებამ შესაძლებელი გახადა ამ გრძელვადიანი კონფლიქტის მოგვარება, განაცხადა ალიევმა.

„დღეს ახალი ვითარებაა, დღეს რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური რეალობა მიღებულია მსოფლიო საზოგადოების მიერ და რუსეთი ასევე თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს, მე ვიტყოდი, წამყვან როლს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში, სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნაში, ნორმალური მეზობლური ურთიერთობების დამყარებაში“, - დასძინა ალიევმა.

2020 წლის სექტემბრის ბოლოს მთიან ყარაბაღში მრავალწლიანი კონფლიქტი გაღვივდა და საომარი მოქმედებები განახლდა, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. მხარეებმა რამდენჯერმე სცადეს დაზავება, მაგრამ წარმატებული აღმოაჩნდა 10 ნოემბრის ღამეს მიღწეული სამმხრივი შეთანხმება.

აზერბაიჯანი და სომხეთი მოსკოვის შუამავლობით ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე და ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლაზე შეთანხმდნენ. ერევანმა ბაქოს ასევე გადასცა ქალბაჯარის, ლაჩინის და აღდამის რაიონები. გარდა ამისა, რეგიონში რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ.