საზოგადოება
პუტინმა დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკები აღიარა

 საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.

რუსეთის მოსახლეობისადმი ტელემიმართვის შემდეგ ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებებს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შესახებ“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების“ შესახებ.

გარდა ამისა, ხელმოწერილია კიდევ ორი დოკუმენტი.

„რუსეთსა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებას“ და „რუსეთსა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებას“ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გარდა, ხელი მოაწერეს დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ლიდერებმა დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა.

ვლადიმირ პუტინი თხოვნით მიმართავს ფედერალურ კრებას, მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებებს და უმოკლეს დროში მოახდინოს შესაბამისი დოკუმენტების რატიფიცირება.

ამასთან, პუტინმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები.

„მათგან კი, ვინც კიევი ჩაიგდო ხელში და ინარჩუნებს ძალაუფლებას, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა სისხლისღვრის შესაძლო გაგრძელებაზე მთლიანად უკრაინის ტერიტორიაზე მმართველი რეჟიმის სინდისზე იქნება“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

სიტყვით გამოსავლამდე რუსეთის პრეზიდენტმა გამართა სატელეფონო საუბარი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და შესაბამისი განკარგულების ხელმოწერის შესახებ თავისი გადაწყვეტილება გააცნო. დასავლეთის ქვეყნების ლიდერებმა იმედგაცრუება გამოთქვეს, მაგრამ კონტაქტების გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ლიდერებმა დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით დღეს მიმართეს.

მათ ასევე პრეზიდენტს მიმართეს თხოვნით, განიხილოს დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებსა და რუსეთს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა.

იმ დღესვე პუტინმა ჩაატარა უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა, სადაც დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი განიხილებოდა. პრეზიდენტმა სხდომის მონაწილეთა მოხსენებები მოისმინა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას დღის ბოლომდე მიიღებდა.

დონბასში ვითარება ბოლო დღეებში დაიძაბა, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკები უკრაინის ძალოვანების მხრიდან მრავალრიცხოვანი დაბომბვების შესახებ საუბრობენ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების ხელმძღვანელობამ უკრაინის შეჭრის საფრთხესთან დაკავშირებით გამოაცხადა მოქალაქეების დროებითი ევაკუაცია როსტოვის ოლქში. ეს ძირითადად ეხება ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს.

როგორც დონეცკის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა დენის პუშილინმა განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი უახლოეს დროს სამხედროებს დონბასში შეჭრას უბრძანებს. შაბათს ორივე რესპუბლიკების ლიდერმა საყოველთაო მობილიზაციის შესახებ განკარგულებებს მოაწერა ხელი.