პუბლიკაციები
სააკაშვილის მომხრეები ტუალეტის ქაღალდს და კონსერვებს ყიდულობენ! - საქინფორმი

 საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებამ მთელი რუსოფობიური ოპოზიციის ფლანგი საქართველოში ისე შეაშინა, რომ მათ დაიწყეს ტუალეტის ქაღალდის მასობრივად ყიდვა და 2008 წლის აგვისტოში ქვეყნიდან გაქცევის დროს მომზადებული „განგაშის ჩემოდნების“ მომზადება. აფთიაქებიდან კი ხბოსა და ძროხის ღვიძლიანი ძვირადღირებული კონსერვების გაქრობა დაიწყო, რადგან პუტინის გადაწყვეტილებით ისტერიკაში ჩავარდნილმა მიხეილ სააკაშვილმა ისევ გამოაცხადა „უვადო შიმშილობა“!

მაშ ასე, პატიმრობაში მყოფმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ. 7 ნოემბრის საქმე განიხილებოდა, განაცხადა, რომ ომბუდსმენისა და ცენტრ „ემპათიას“ კონსილიუმთა დასკვნების შესაბამისი მკურნალობის მოთხოვნით, კვლავ „სრულ უვადო“ შიმშილობას აცხადებს.

მიხეილ სააკაშვილმა განმარტა, რომ „ეს არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩვენს ხალხს“.

ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმისა და ცენტრ „ემპათიის“ დასკვნებზე მითითებით, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პენიტენციური სისტემის შიგნით მისთვის შიმშილობის შემდგომ განვითარებული დაავადებების მკურნალობა შეუძლებელია.

სააკაშვილმა ასევე განმარტა, რომ რუსთავის ციხეში დაბრუნების შემდგომ, მან გონება უკვე ორჯერ დაკარგა, საპასუხოდ კი – ციხის ადმინისტრაციამ საკანში ექიმისა და ექთნის შესვლა აკრძალა. მისივე მტკიცებით, უკვე ერთი კვირაა, რაც დაწესებულებაში 18:00 სთ-ის შემდეგ აღარც მორიგე ექიმი რჩება.

ხაზი გაუსვა რა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დავალებით, არსებულ „მაფიოზურ“ რეჟიმს მისი „ინვალიდიზაცია“ და „მკვლელობა“ აქვს განზრახული, ყოფილმა პრეზიდენტმა მასთან ამერიკელი და ჰოლანდიელი ექიმების, ასევე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით შექმნილი კონსილიუმის დაშვება მოითხოვა.

მიხეილ სააკაშვილი მასთან პირადი მკურნალი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის შეშვებას, ციხის სამედიცინი განყოფილებაში ექიმის კვლავ 24 სთ-იანი მორიგეობის აღდგენასა და „სხვა შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღებასაც ითხოვს“.

სააკაშვილის მიერ ხელახალი შიმშილობის გამოცხადებას წინ უძღვოდა 1 ოქტომბერს, მისი დაკავების დღიდან გამოცხადებული 50-დღიანი შიმშილობა, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა 19 ნოემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში ფარულად სექტემბრის ბოლოს ჩამოვიდა, 1 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად უკვე აქვს მისჯილი სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისა და ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.

ყოფილ პრეზიდენტს გამოძიება საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას, 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის ეპიზოდს, ასევე საზღვრის უკანონო კვეთას ედავება.

ყოფილი პრეზიდენტი მის მიმართ წაყენებულ ყველა ბრალს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.