აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სააკაშვილის ღია წერილს გამოეხმაურა

 საქართველო, 22 თბერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ შეუძლია მოხსნას გრიფი „საიდუმლო“ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომ პერიოდში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს, რადგან დოკუმენტები მთავრობის ადმინისტრაციისთვის არის გადაცემული, განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია სულავამ.

18 თებერვალს საქართველოს ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოქმედ პრეზიდენტს მოუწოდა, მოხსნან გრიფი „საიდუმლო“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებს, რომლებიც 2013 წლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის იყო განკუთვნილი. ყოფილი პრეზიდენტი ირწმუნება, რომ მას ედავებიან არა ხარჯების მიზნობრიობას, როგორც ტელევიზიით ყვებიან, არამედ მათი გაწევის წესს.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული გრიფით საიდუმლო დოკუმენტების რეგისტრაციის, შენახვისა და დაარქივების საქმის წარმოებას ახორციელებდა საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატი მის გაუქმებამდე, რომელიც განხორციელდა 2018 წელს. ამის შემდეგ სახელმწიფო უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალმემკვიდრედ განისაზღვრა საქართველოს მთავრობა. შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ უშიშროების საბჭოში დაცული ყველა დოკუმენტი გადაგზავნილ იქნა დაუყოვნებლივ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში“, - განაცხადა სულავამ.

2019 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას უნდა განეხორციელებინა შესაბამისი დოკუმენტების კლასიფიკაცია, დაარქივება და მიეღო სხვა შესაბამისი აქტით განსაზღვრული ზომები.

სულავას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2019-2021 წლებში რამდენჯერმე მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას იმისთვის, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას აღნიშნული საიდუმლო გრიფით განსაზღვრული საიდუმლო აქტები გადმოცემოდა, მაგრამ მიუხედავად მრავალგზის მიმართვისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას დღემდე აღნიშნული დოკუმენტები არ მიუღია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შესთავაზა სააკაშვილს, თუ მას გააჩნია რაიმე პრეტენზიები აღნიშნულ დოკუმენტებთან დაკავშირებით, პირადად მიმართოს მთავრობის ადმინისტრაციას.

გარდა ამისა, სულავამ სააკაშვილის ღია წერილის შინაარსს მიუღებელი და უადგილო უწოდა.

გაუგებარი და მიუღებელია ღია მიმართვაში გაჟღერებული ირიბი თუ პირდაპირი მუქარა პრეზიდენტის მიმართ იმის შესახებ, თუ რაზე შეიძლება მომავალში საქართველოს პრეზიდენტი გასამართლებული იყოს. ის აკეთებს ინსინუაციას სტუმრების შამპანურით გამასპინძლების თაობაზე და ასევე შეწყალების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ასეთი ინსინუაციები სრულიად უადგილო და მიუღებელია, ასევე ანაქრონული და უშედეგოა“, - აღნიშნა სულავამ.

სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდება ეხება 2009-2012 წლებში საბიუჯეტო სახსრების ადრე გასაიდუმლოებულ ნაწილს.

ბრალდება სააკაშვილს, რომელმაც სამშობლო 2013 წელს ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის მერე მალევე დატოვა, 2014 წელს დაუსწრებლად წაუყენეს.

მაშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი სააკაშვილის ხარჯები და მას თან ახლავს ქვითრების ქსეროასლები.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2009 წლის აპრილში სააკაშვილმა პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახსრების დახარჯვა გასაიდუმლოებული ფორმით გადაწყვიტა. მანამდე პრეზიდენტის ხარჯები საჯარო იყო და ფინანსდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს სახსრებიდან.

გამოძიების მონაცემებით, დანაშაულებრივი გეგმის განხორციელება დავალებული ჰქონდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს თემურ ჯანაშიას, რომელიც დღეს ასევე განსასჯელთა სკამზეა.