საქართველოში „ეკვადორის კულტურის დღეების“ საზეიმო გახსნას 27 მაისს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები, ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია.
მასმედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდათა ჯგუფმა პრეზიდენტ სააკაშვილს შოკოლადი ესროლა. ინციდენტის გამო პრეზიდენტის დაცვამ ახალგაზრდები – ვახტანგ მაისურაძე, გიორგი ლაპიაშვილი და დავით ფაცაცია – დააკავა.
ვრცელდება თვითმხილველთა ვერსიაც, რომ ახალგაზრდები – ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტები – თეატრის ფოიეში აპირებდნენ შესვლას, თან პრეზიდენტის მისამართით დაცვის გასაგონად იგინებოდნენ და ხმამაღლა გამოთქვამდნენ პრეტენზიას დაცვის მიმართ.
პრეზიდენტის დაცვის არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, მათ ტერიტორია არ დატოვეს. ისინი სააკაშვილის გამოსვლას ელოდებოდნენ და დაცვას პასუხობდნენ, რომ კანონიერი უფლება ჰქონდათ, პრეზიდენტს დალოდებოდნენ.გავრცელებული ინფორმაციით, დავით ფაცაციას მამამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ვაჟი თბილისში წინა დღეს დაბრუნდა საზღვარგარეთიდან და საპროტესტო აქციაში არ მონაწილეობდა. მისი თქმით, დავით ფაცაცია მარჯანიშვილის თეატრში მიწვეული იყო ღონისძიებაზე პარასკევს და არ არის იქ მომხდარი ინციდენტის საქმის კურსში.
დაკავებულთა ადვოკატ კახა კოჟორაძის განცხადებით, მაისურაძესა და ლაპიაშვილს ბრალი ედებათ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულში, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.
ადვოკატის განცხადებით, არანაირი შოკოლადი მათ არ უსვრიათ, თუმცა, ამავე დროს, ვერ აზუსტებს, კერძოდ, რა მოხდა თეატრში. კოჟორაძემ დაიმოწმა თავად დაკავებულების მიერ სასამართლო სხდომაზე ნათქვამი, რომ თეატრის შენობაში მათ პრეზიდენტის მისამართით სიტყვიერი უკმაყოფილება გამოხატეს 26 მაისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო.
ვახტანგ მაისურაძეს 90-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, გიორგი ლაპიაშვილს სასამართლომ 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, დავით ფაცაცია კი უდანაშაულოდ ცნო.