აქტუალური
თავდაცვის მინისტრი: ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატოს უმაღლეს სამხედრო წარმომადგენელს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონში რუსეთის მხრიდან მზარდი სამხედრო აგრესიის ფონზე, ნატოს მტკიცე პოზიციასა და ღია კარის პრინციპის დაცვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ადმირალ ბაუერთან შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესზეც ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ნატოსთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით საქართველო განაგრძობს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას და ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალების შექმნას.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატოსა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის მარტში დაგეგმილ ნატო-საქართველოს სწავლებას, რომელსაც საქართველო უკვე მესამედ უმასპინძლებს. საუბრისას ასევე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის სტრატეგიულ დისკუსიებში საქართველოს მონაწილეობასა და საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციაზე საერთაშორისო მისიებში.

ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ჩვენ გავმართეთ ინდივიდუალური შეხვედრები როგორც ჩემს კოლეგებთან, ასევე გვქონდა შეხვედრა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან. ის არის ნატო-ში პირველი სამხედრო პირი, ის არის საქართველოს დიდი მეგობარი, ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს სტრატეგიულ გეგმებზე, ჩვენს მომავალზე და, რა თქმა უნდა, ყველა პრინციპულ საკითხში ჩვენ ვართ ერთიანები. არ დაიხევს უკან როგორც ნატო თვისი მიზნებისა და თავისი გადაწყვეტილებების შესახებ, ასევე ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, - განაცხადა ბურჭულაძემ.