პოლიტიკა
საგარეო უწყება: წლიურ ანგარიშებში ევროპარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს პროდასავლურ მისწრაფებებს

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. თავის წლიურ ანგარიშებში ევროპარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს პროდასავლურ მისწრაფებებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, 2022 წლის 15-17 თებერვალს, ევროპარლამენტმა პლენარულ სესიაზე კენჭი უყარა ევროკავშირის ერთიანი თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CSDP) და ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის იმპლემენტაციის (CFSP) შესახებ წლიურ ანგარიშებს.

უნდა აღინიშნოს, რომ, წინა ანგარიშებთან შედარებით, 2021 წლის დოკუმენტები საქართველოსთან მიმართებით მხარდაჭერის მკაფიო და თამამ გზავნილებს/მოწოდებებს შეიცავს. ასევე საგულისხმოა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმების ქმედებების შეფასების, ასევე რუსეთის მისამართით ევროკავშირის მოწოდებების კუთხით, ორივე დოკუმენტს მნიშვნელოვანი ახალი ელემენტები დაემატა.

ორივე დოკუმენტში ხაზგასმულია პოზიცია, რომ ევროკავშირი საქართველოსა და აღმოსავლეთის სამეზობლოში სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და განვითარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

ევროპარლამენტარები აღმოსავლელი პარტნიორების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ კვლავ ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას. ევროპარლამენტარები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს უკრაინისა და საქართველოს დიდი ნაწილის ოკუპაციას საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით.

აღნიშნული დოკუმენტების თანახმად, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, მოსთხოვოს რუსეთს, კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან; ასევე გმობს საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და გატაცების ფაქტებს და მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი.

დოკუმენტებში ასევე დაგმობილია რუსეთის პირდაპირი და არაპირდაპირი ჩართულობა შეიარაღებულ კონფლიქტებში, აგრეთვე ჰიბრიდული თავდასხმები. ევროპარლამენტართა ყურადღების მიღმა არ რჩება საქართველოსა და უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივები. კერძოდ, ანგარიშებში კატეგორიულადაა დაგმობილი რუსეთის არალეგიტიმური მოთხოვნა, შეჩერდეს ნატო-შემდგომი გაფართოება და შეიცვალოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა „გავლენის სფეროების“ იდეის შესაბამისად; აქვე ხაზგასმულია, რომ თითოეული დემოკრატიული ქვეყანა თავისუფალია ალიანსების არჩევაში, და ამ მხრივ, ევროპარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს პროდასავლურ მისწრაფებებს, მათ შორის, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას, და მოუწოდებს ევროკავშირს, ასევე მის წევრ ქვეყნებს, მათი მხრიდანაც გადაიდგას ის ნაბიჯები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსა და უკრაინისთვის.

საგულისხმოა, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს საფრანგეთის თავმჯდომარეობას, მოიწვიოს უკრაინა და საქართველო ევროკავშირის მომავალ თავდაცვის სამიტში მონაწილეობის მისაღებად“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.