პუბლიკაციები
ეროვნული თანხმობის პროცესი - განხილვა საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. ორბელიანების სასახლეში ეროვნულ თანხმობაზე მსჯელობა ამჯერად საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების: მუსიკოსების, მხატვრების, დიზაინერების, რეჟისორების, მწერლების, პროფესორ-მასწავლებლებისა და ბიზნესმენების მონაწილეობით გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა განხილვის დაწყებამდე მიმართა პროცესში მონაწილე სტუმრებს და ეროვნული თანხმობის პროცესის ფორმატთან, მის ხედვასთან და პროცესის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა.

,,ეს პროცესი არ არის წარსულზე ორიენტირებული პროცესი, მაგრამ, ჩვენ თუ გვინდა, რომ გავარკვიოთ რა გვჭირს, რა გვეშველება, რა არის ჩვენი მთავარი პრობლემები წარსულს უნდა დავუბრუნდეთ და მოვნახოთ ამ პრობლემების ძირი, დავინახოთ, რომ დღევანდელი პრობლემა იყო გუშინდელიც, გუშინწინდელიც და ეს სისტემური ხარვეზები მოგვყვება უკვე ოცდაათ წელზე მეტია.

ჩვენი მიზანი არ არის გავარჩიოთ რომელი პარტია, ან რომელი მთავრობაა კარგი, თუ უკეთესი. ჩვენი მთავარი მიზანია აღმოვაჩინოთ ეს პრობლემები და ის მთავარი თემები, რომლებიც დღეს გვაბრკოლებს და ამ ქვეყანას წინ წასვლის საშუალებას არ აძლევს.

ზაფხულისათვის ამ პროცესის შედეგად უნდა შემუშავდეს დოკუმენტი და მასში ასახული პრინციპებიდან გამომდინარე ჩამოყალიბდება პოლიტიკური პარტიების მიმართ საზოგადოების დაკვეთა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ეროვნული თანხმობასთან დაკავშირებული საჯარო განხილვები და საუბრები უახლოეს მომავალში რეგიონებში გაიშლება და მასში აქტიურად ჩაერთვება დიასპორაც.

საქინფორმი