აქტუალური
საქართველოს ავიაბაზარზე ახალი კომპანია Condor Airlines შემოდის

 საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. პირველი მაისიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ახალი ავიაკომპანია Condor Airlines იწყებს.

ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. გაერთიანებაში აცხადებენ, რომ გერმანულ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი წარმატებით დაასრულეს.

Condor Airlines პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით განახორციელებს. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, Condor-ის შემოსვლა ავიაბაზარზე განსაკუთრებით ტრანსატლანტიკური ტრანზიტული ფრენების მიმართულებით არის მნიშვნელოვანი.

2022 წელს ჩვენი ავიაბაზრისთვის საკმაოდ პოზიტიურად ვიწყებთ. ბაზარზე სრულიად ახალი ავიაკომპანია გერმანული Condor- შემოდის, რომელთანაც თითქმის ერთწლიანი მოლაპარაკებები წარმატებით დავასრულეთ. ფრანკფურტი იქნება რიგით მესამე ქალაქი, სადაც ამ ეტაპზე თბილისის აეროპორტიდან მოხვედრა გახდება შესაძლებელი. ჩვენთვის გერმანია არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულება. ამიტომაც ყოველთვის პროაქტიულად ვმუშაობთ, რაც შეიძლება მეტი ავიაკომპანია დავაინტერესოთ და მეტი მიმართულება დავამატოთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიმართულებით. მუდმივად ვცდილობთ მიმართულებების დივერსიფიცირებას ჩვენს საერთაშორისო აეროპორტებში. ჩვენი კიდევ ერთი პარტნიორი ავიაკომპანია EUROWINGS ზაფხულში, თბილისიდან გერმანიის ქალაქ შტუტგარტის მიმართულებით იწყებს ფრენებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი, ამ ეტაპზე გერმანიის სამ ქალაქშია მოხვედრა შესაძლებელი: დედაქალაქ ბერლინში, მემინგენსა და დორტმუნდში. ეს ნიშნავს მეტ საერთაშორისო ვიზიტორსა და მეტ მაღალმხარჯველ ტურისტს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ასევე, საქართველოს ცნობადობის ზრდას ჩვენს მიზნობრივ ბაზრებზე, – აცხადებს თამარ არჩუაძე.

ავიაკომპანია Condor-ი 1955 წელს დაფუძნდა. მისი ძირითადი ბაზა ფრანკფურტის აეროპორტში მდებარეობს. 2021 წლის ივლისის მონაცემებით, ავიაკომპანია 50 „ბოინგისა“ და „ეარბასის“ ტიპის საჰაერო ხომალდებს ფლობს. Condor-იფრენებს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, აზიაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ასრულებს.