სამართალი
საარჩევნო კანონმდებლობა „განულებული“ საარჩევნო სიების აღდგენას არ ითვალისწინებს

 საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. საარჩევნო კანონმდებლობა „განულებული“ საარჩევნო სიების აღდგენას არ ითვალისწინებს. ამის განხორციელებას, პირველ რიგში, შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილება და საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა სჭირდება.

არსებული „საარჩევნო კოდექსით“ არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს, არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, გააუქმოს გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. პარტიის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით, პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე იხსნება.

კანონი სიიდან ამოღებული დეპუტატობის კანდიდატების უკან დაბრუნებასა და სიების აღდგენას არ ითვალისწინებს.

2020 წლის არჩევნების შედეგებისადმი პროტესტის გამო საარჩევნო სია ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ ჩახსნა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, “ევროპული საქართველოს“, “ლეიბორისტული პარტიის“, “სტრატეგია აღმაშენებელისა“ და “ლელოს“ საარჩევნო სიები განულებულია.

სწორედ ამის გამო აღნიშნული პარტიების მიერ წარდგენილი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტში მათი ადგილმონაცვლის შეყვანა ვერ ხდება. საპარლამენტო ოპოზიცია ჯამში ხუთ მანდატს კარგავს, რადგან პარლამენტიდან წასულ ნიკა მელიასა და მამუკა ხაზარაძეს, შალვა ნათელაშვილი, ელენე ხოშტარია და ბადრი ჯაფარიძე დაემატნენ.