პოლიტიკა
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეათე სხდომა გაიმართა

 საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა 10 თებერვალს ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეათე სხდომა გამართეს.

ასოცირების კომიტეტი, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელებას ადევნებს თვალს, ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდისა და საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა.

სხდომას ევროპარლამენტარები, ქართული ოცნებისა და ოპოზიციონერი დეპუტატები, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები – ლაშა დარსალია და თეიმურაზ ჯანჯალია დაესწრნენ.

ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა 14 თებერვალს განაცხადა, რომ მართალია, ევროპელი დეპუტატები მიესალმნენ საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას ევროკავშირთან საკუთარი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ, სიტუაცია კვლავ გასაუმჯობესებელია ისეთ სფეროებში, როგორებიცაა – სამართალდამცველი სტრუქტურების ანგარიშვალდებულება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მოწყვლადი ჯგუფებისა და უმცირესობების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა“.

კერძოდ, მან აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს, ევროპარლამენტარებმა შეშფოთება გამოხატეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზების გამო, რაც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშებშია ასახული. ასევე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნების, საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობის რეფორმის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაჩქარევი გაუქმებისა და საკონსტიტუციო რეფორმაზე ნელი პროგრესის გამო.

ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ქართველი საზოგადოების დიდ ნაწილზე და დიპლომატებზე, მათ შორის, ევროკავშირის ელჩზე, ფარული მიყურადების საქმის დაპირებულმა გამოძიებამ უახლოეს მომავალში მკაფიო პასუხები უნდა გაგვცეს“, – განაცხადა მან.

ამას გარდა, კალიურანდის თქმით, ევროპარლამენტარებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მართალია, საქართველოს კანონმდებლობა ყველა ფორმის დისკრიმინაციას კრძალავს, ლგბტ+ პირთა მდგომარეობა „კვლავ რთული რჩება, რასაც ცხადყოფს 50 ჟურნალისტზე და მშვიდობიან დემონსტრანტზე ძალადობრივი თავდასხმა, რასაც 2021 წლის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მსვლელობის გაუქმება მოჰყვა“.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარები იმედოვნებენ, რომ ძალადობის ორგანიზატორები და განმახორციელებლები სათანადოდ დაისჯებიან, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად“.

ევროპარლამენტარმა ასევე ისაუბრა 19 აპრილის შეთანხმებაზე, რომელიც, მისი თქმით, პოლიტიკური და მედიაგარემოების პოლარიზაციის ფონზე, ქვეყანას ევროპულ გზას სთავაზობს, უფრო ძლიერი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ დავადასტურეთ ევროპარლამენტის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ჟან მონეს დიალოგს, რაც საქართველოს პარლამენტში პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის საშუალებაა“, – განაცხადა მან.

მარინა კალიურანდის თქმით, მხარეებმა ის რეფორმებიც განიხილეს, რომელთაც საქართველო ასოცირების შეთანხმების შესასრულებლად ახორციელებს. ევროპარლამენტარები მიესალმნენ საქართველოს ხელისუფლების სურვილს, რომ ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფართო პოტენციალი გამოიყენოს“.

ევროპარლამენტარები ასევე მიესალმნენ პარლამენტში და ადგილობრივ საკრებულოებში სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღებას, ასევე შშმ პირთა უფლებებზე კანონის მიღებას.

კალიურანდის განცხადება ხაზს უსვამს ევროპელი დეპუტატების მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, გმობს რუსეთის ქმედებებს, რაც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას აუარესებს და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაში მხარდაჭერას პირდება.

საქართველოს პარლამენტმა 11 თებერვალს განაცხადა, რომ შეხვედრის თანათავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში ახალი ფორმატების შექმნის საჭიროებას გაუსვა ხაზი, მათ შორის, სხვადასხვა დონეზე ექსპერტული და პოლიტიკური დიალოგის მხარდაჭერის გზით.

დიალოგის გაძლიერების საჭიროება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა დაისახა მიზნად და 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განცხადების გაკეთების გადაწყვეტილება მიიღო“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

იმავდროულად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული გამოწვევები და ყურადღება გაამახვილა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე, თავისუფალ გადაადგილებაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებაზე, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ფიზიკური ბარიერების აღმართვასა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე.

მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ახვლედიანმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხრიდან ინტენსიური ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას, ამჟამად უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, ასევე საქართველოს ოთხი მოქალაქის – დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 12 თებერვალს განაცხადა, რომ მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში „დე-ფაქტო ანექსიის გააქტიურებულ პროცესზე“ და მზარდ მილიტარიზაციაზე.

მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების „კრიტიკულ აუცილებლობაზე“

მინისტრის კიდევ ერთმა მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროებას გაუსვა ხაზი და „ასოცირებული ტრიოს“ სამომავლო მიზნებზე გაამახვილა ყურადღება.