საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. „ქართული ოცნება“ აპირებს, უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში საპარლამენტო მანდატი ჩამოართვას დეპუტატებს, რომლებიც ქვეყანაში რეალურ ოპოზიციას წარმოადგენენ, არავითარ შემთხვევაში, ქართული ოპოზიცია არ შეწყვეტს ბრძოლას, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს მცდელობა, დაასუსტოს ოპოზიცია არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ ყველგან, რადგან ოპოზიციის გამარჯვების ეშინია.
„კოლეგებთან ერთად, მათ შორის ბადრი ჯაფარიძესთან, შალვა ნათელაშვილთან ერთად, არა ერთხელ ვთქვით, რომ ვაპირებთ, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთის ინიციატივას, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩადენილი არაადამიანური და ღირსებაშემლახავი მოპყრობის საგამოძიებო კომისიას. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სწორედ ამ კომისიის შექმნამდე რამდენიმე დღით ადრე, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, მანდატები ჩამოართვას ბადრი ჯაფარიძეს, რომლის მიმართაც პოლიტიკური მართლმსაჯულება ხორციელდება და აგრეთვე, შალვა ნათელაშვილს, რომელიც რეალურად მზად იყო, თავისი პარტიის ინტერესები წარმოედგინა პარლამენტში.
მინდა, მივმართო „ქართულ ოცნებას“, არავითარ შემთხვევაში, საქართველოში, არა მხოლოდ ამ წარმომადგენლობით ორგანოში, არამედ ნებისმიერ ქალაქში, ქართული ოპოზიცია არ შეწყვეტს ბრძოლას. საქართველოს პარლამენტში ქართველი ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი უნდა შეივსოს გახსნილი სიებით, პროპორციული სიებით, რომელიც რეალურად იქნება ის პროპორცია, რომელიც ქართველმა ხალხმა არჩევნებზე მიანიჭა პოლიტიკურ პარტიებს. ყველა მანდატი უნდა დაუბრუნდეს ოპოზიციურ პარტიებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.