საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, უკრაინასთან დაკავშირებული კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება დაიწყოს.
„პრეზიდენტ პუტინს მივმართავ. უკრაინის კისერზე მოჭერილი მარყუჟი მოუშვით. ჩვენთან ერთად ეძებეთ გზა, რომელიც ევროპაში მშვიდობას შეინარჩუნებს. შემიძლია მხოლოდ გავაფრთხილო პრეზიდენტი პუტინი: არ ღირს დემოკრატიის ძალის არასათანადოდ შეფასება“, -განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, აღმოსავლეთ ევროპა ომის საფრთხის წინაშეა, რაზედაც პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.
გერმანიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის მოსახლეობას თვითგამორკვევისა და სუვერენიტეტის უფლება აქვს და ის, ვინც ამის განადგურებას შეეცდება, გადამწყვეტ პასუხს მიიღებს.
„უკრაინის მოსახლეობას შიშისა და საფრთხის გარეშე ცხოვრების, თვითგამორკვევისა და სუვერენიტეტის უფლება აქვს. მათ, ვინც ამის განადგურებას შეეცდება, გადამწყვეტ პასუხს გავცემთ“, - აღნიშნა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.
interpressnews.ge